მე-10 მოწვევის პარლამენტი

ელისაშვილი პარლამეტში შესვლაზე: პარტიებს ველაპარაკებით, ბოკერიას პარტიასთან რა აზრი აქვს

რუსთავი 2

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არსებობს საფრთხე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალოს და სწორედ ამიტომ, მისი პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს. 

ელისაშვილი, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ამ დრომდე არ უთქვამს საპარლამენტო მანდატზე უარი, კონკრეტულ პარტიებს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ მაგალითად, ევროპულ საქართველოსთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ისინი "წყალს ამღვრევენ". 

"გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის გამართვა. ამას დაემთხვა ის, რომ საშობაო არდადეგები იყო და ელჩებისთვის მნიშვნელოვანი, მერე ჩვენთვის ახალი წელი, შობა... ამიტომაც, გაჩერდა და დაპაუზდა, მაგრამ ერთი მხრიდანაც, ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, დააზიანოს ეს პროცესი, თვითონ ქართული ოცნება ცდილობს, დააზიანოს ეს პროცესი და, მოკლედ, გარკვეული კითხვის ნიშნები არის, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით. 

არც ისაა გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი იმ ოპოზიციონერებთან, რომლებსაც პასუხისმგებლობის განცდა აქვთ და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და რომლებსაც უბრალოდ წყლის ამღვრევა არ უნდათ ამ ქვეყანაში. არის დიდი ნაწილი, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას. მკაფიოდ არ ამბობს ახლა, შევლენ, არ შევლენ... შეთანხმება მნიშვნელოვანია, 4 პუნქტი მნიშვნელოვანია, თუ არ არის. მაგალითად, ახლა ბოკერიას პარტიასთან აზრი არ აქვს ლაპარაკს. ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებთან ხო აზრი არა აქვს, რაზე შეიძლება, ვილაპარაკოთ? ხალხი, რომელიც უბრალოდ, წყალს ამღვრევს, იმათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს". – თქვა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და იგი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს, რომელთაც მანდატები იმის გამო ერთგოთ, რომ პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. მანდატებზე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. 

 

კომენტარები