ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი

ბიძინა ივანიშვილი

"პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი". – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს, რომლითაც მან საზოგადოებას ცოტახნის წინ მიმართა. 

წერილში, პოლიტიკიდან წასვლის გარდა, ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც ეხმაურება და წერს, რომ ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი.

"შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა - „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი". – წერს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ვრცლად - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები