რაგბის კავშირი

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

რაგბის კავშირი კვლავ პრეზიდენტის გარეშეა. 30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე უნდა გამხდარიყო, თუმცა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბაჩო ხურციძე, არჩევნებს არალეგიტიმურად თვლიდა და მიმართა საჯარო რეესტრს, რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო. საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა, რადგან ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საჭირო დოკუმენტები ვერ წარმოადგინა.

ბაჩო ხურციძემ დღეს თქვა, რომ, თუკი საჯარო რეესტრი აბუსერიძეს პრეზიდენტად დაარეგისტრირებს, აღარ მიმართავს სასამართლოს და გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

"მოვუწოდებთ რაგბის კავშირის ლეგიტიმურ გამგეობას, მოიწვიოს გამგეობა უახლოეს დღეებში, დანიშნოს მორიგი საარჩევნო ყრილობა, მხოლოდ ეს იქნება სწორი გზა. თუ აბუსერიძე-სვანიძის ალიანსი წარადგენს საჯარო რეესტრში რაიმე სახის დოკუმენტს და რეესტრი დაარეგისტრირებს ერთს რაგბის კავშირის პრეზიდენტად და მეორეს გამგეობის წევრად, პირობას გაძლევთ, რომ მე სასამართლოში არ წავალ, მიუხედავად იმისა, რომ მე ამის უფლება მაქვს". - ამბობს ხურციძე.

ირაკლი აბუსერიძე კი საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარდგენას გეგმავს და მისი თქმით, რეგისტრაციის შეჩერება მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია, რომელიც დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გამოსწორდება. 

"საჯარო რეესტრში საჭირო ოქმი წარდგენილი გვაქვს. ის, ვისგანაც ეს წამოვიდა, არის ქართული რაგბის მტერი, რომელსაც პირადი ინტერესი ამოძრავებს და არა ქართული რაგბის განვითარება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესები არ შეჩერდეს". - თქვა აბუსერიძემ.

რაგბის კავშირის არჩევნებზე, რომელიც, ჯერ კიდევერთი1 წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო, კენჭისყრის შედეგად 10 ხმა მიიღო ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო.

გოჩა სვანაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისის გამო მიმდინარე წლის 30 ივლისს დატოვა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ კი - 14 აგვისტოს, არჩევიდან 10 დღეში, იმავე მიზეზებით. შემდეგი ვიცეპრეზიდენტი, მერაბ ბესელია კი 16 ოქტომბერს მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები