ანტისემიტიზმი ეკლესიაში

TDI: მნიშვნელოვანია, საპატრიარქომ კრიტიკულად შეაფასოს მეუფე იოანეს ანტისემიტური განცხადება

საქართველოს საპატრიარქო

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კიდევ ერთხელ ეხმაურება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის იოანე გამრეკელის ანტისემიტურ განცხადებებს. 

TDI ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საპატრიარქო დღემდე არ აღიარებს, რომ მიტროპოლიტის ქადაგება შეიცავდა ანტისემიტურ შინაარსს და ამ განცხადებების გამო ბოდიში არავის მოუხდია. 

"მიტროპოლიტ იოანეს განმარტების მიხედვით, "ურწმუნო მოდგმაში" მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უფლებადამცველები იგულისხმებიან, ხოლო მის მიერ ქადაგებაში მოყვანილი რელიგიური ანტისემიტიზმის მაგალითები მხოლოდ "ისტორიული ფაქტებია". მიტროპოლიტის 20 დეკემბრის ქადაგებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. 28 დეკემბერს ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ განცხადება და დავგმეთ საეკლესიო ანტისემიტიზმი". – წერია განცხადებაში. 

TDI-ის განცხადებით, ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც მთელი ებრაელი ერი კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო. 

"30 დეკემბერს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გამოქვეყნდა მიტროპოლიტის პირველი საპასუხო წერილი. იოანე გამრეკელმა აღნიშნა, რომ ქადაგება სინამდვილეში არ იყო ანტისემიტური და მას ეთნიკური ნიშნით არ გამოურჩევია ებრაელები. მისი თქმით, ისტორიულ წარსულში იუდაურ თემსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტს „რელიგიური ელფერი“ ჰქონდა, ყველაფრის საფუძველი კი „ვერრეალიზებული ამბიცია“ იყო. ამავე წერილში, გარდა იმისა, რომ მიტროპოლიტი უსუსური არგუმენტებით ამართლებს საკუთარ ანტისემიტიზმს, ასევე ,,თეთრკანიანების მიმართ ზოგიერთი აფროამერიკელის აგრესიასთან“ პარალელით ავრცელებს რასისტულ სტერეოტიპებსაც. იმის ნაცვლად, რომ საკუთრი პოზიცია კრიტიკულად გადაეაზრებინა, მიტროპოლიტმა, სრულიად უსაფუძვლოდ ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა უფლებადამცველები და კონკრეტული ადამიანები, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და დეკანოზი ბასილ კობახიძე.

პირველ იანვარს ქუთაის-გაენათის ეპარქიამ TDI-ს შესახებ მიტროპოლიტის მეორე  განცხადება გამოაქვეყნა. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ცდილობს, შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში. მისი თქმით, "ქადაგება რამდენიმე ისტორიული ფაქტის გარდა შეეხო არა ებრაულ თემს, არამედ თანამედროვე საქართველოში მოქმედ TDI-ის ფორმატის ორგანიზაციებს". 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეპისკოპოსის ანტისემიტურ ქადაგებაზე პოზიცია არ გამოუხატავს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა თავის ოფიციალურ გვერდზე მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ზემოთხსენებული განცხადება გამოაქვეყნა, რითაც ის ფაქტობრივად, მიტროპოლიტის ქადაგების ფორმასა და შინაარსს იზიარებს. ამ საკითხის გარშემო მიმდინარე საჯარო დისკუსიას გამოეხმაურნენ დიპლომატები და ებრაული თემის წარმომადგენლები.

შემაშფოთებელია  ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას შეფასება. 29 დეკემბერს ელჩმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტიზმად შეფასება არის სასულიერო პირისა და ეკლესიის მიმართ ცილისწამება. მან მიტროპოლიტის ანტისემიტურ ქადაგებაში მონათხრობს 1600 წლის წინანდელი "კონკრეტული არასასიამოვნო ფაქტი" და ამბროსი მედიოლანელის მეფესთან დიალოგის ციტირება უწოდა; ასევე საკუთარი ინტერპრეტაცია გაუკეთა მიტროპოლიტის სიტყვებს "ურწმუნო მოდგმის" შესახებ და თქვა, რომ ეს განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე, მარკოზის სახარების მიხედვით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ელჩი არ უნდა აკეთებდეს ანტისემიტური ქადაგების მხარდამჭერ განცხადებას, უნდა ჰქონდეს სეკულარული პოზიცია და საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს იცავდეს.

4 იანვარს საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა საგანგებო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპისკოპოსის ქადაგება "სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია". მისი თქმით, "იმედისმომცემი იყო" 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული წერილი, სადაც "მან განმარტა თუ რა იყო ნაგულისხმევი მის სიტყვაში, და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ". 

ელჩმა რან გიდორმა მეორე განცხადებაც გააკეთა ამ საკითხზე და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღის მისალოც ტექსტში აღნიშნა, რომ პატრიარქის, როგორც სულიერი წინამძღვრის როლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია "ახლახან რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების გავრცელების სამწუხარო ფაქტიდან გამომდინარე".

3 იანვარს იოანე გამრეკელის ქადაგებას გამოეხმაურა ებრაული ორგანიზაცია “ისრაელის სახლი”. მისმა დამაარსებელმა იციკ მოშემ მიტროპოლიტის ქადაგება ,,ანტისემიტიზმის გამოვლინებად, შუღლის გაღვივებისა და ზოგიერთი რადიკალური ჯგუფის წახალისების” მცდელობად შეაფასა.  “ისრაელის სახლის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას პოზიცია _ "ის გვერდს უვლის მიტროპოლიტის ანტისემიტურ გამონათქვამებს და ცდილობს მას პასუხისმგებლობა ააცილოს გაუგებარი განმარტებებით".

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგების შემდეგ სოციალურ მედიაში გაჩნდა არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება, მით უფრო თუკი ის გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ქმნის სიძულვილისა და  ძალადობის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანეს განცხადებასთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს იგი. საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები". – წერია განცხადებაში. 

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

გუშინ, 4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

კომენტარები