პატრიოტთა ალიანსი

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ამ საკითხს კენჭი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყარეს და მხარიც ერთხმად დაუჭირეს.

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავეს, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს.

საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს, თუმცა, იგი თანაპარტიელებს რიგგარეშე სხდომაზე მოგვიანებით შეუერთდა.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ის, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე და დავით ზილფიმიანი პოლიტიკურ გაერთიანება ევროპელ სოციალისტებს აყალიბებენ და საკანონმდებლო ორგანოში ასე შედიან.

"დღე ჩვენ, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ევროპელი სოციალისტების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და მიგვაჩნია საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.

ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას". - თქვა ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებითპატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები