აშშ-ს არჩევნები

პენტაგონის 10 ყოფილი ხელმძღვანელი: არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების დრო გავიდა

დონალდ რამსფელდი, დიკ ჩეინი, ჯეიმზ მეტისი

პენტაგონის 10 ყოფილი ხელმძღვანელი ავრცელებს ერთობლივ წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებების გამოძიებაში სამხედრო ძალების ჩარევა საშიში, უკანონო და არაკონსტიტუციური იქნება.

წერილი The Washington Post-მა გამოაქვეყნა. მას ხელს აწერენ აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მდივნები: დიკ ჩეინი, დონალდ რამსფელდი, უილიამ პერი, უილიამ კოენი, რობერტ გეითსი, ლეონ პანეტა, ჩაკ ჰეიგელი, ეშ კარტერი, ჯეიმზ მეტისი და მარკ ესპერი. ეს უკანასკნელი ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან 3 იანვრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლა.

ხელმომწერებს შორის არიან როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრები. ისინი წერენ, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები ნათელია:

"შედეგების ეჭვქვეშ დაყენების დრო გავიდა. დროა, ფორმალურად დაითვალოს საარჩევნო კოლეგიის ხმები, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია.

საარჩევნო დავებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ჩარევის მცდელობა საშიშ, უკანონო და არაკონსტიტუციურ ადგილას მიგვიყვანს. სამოქალაქო და სამხედრო ოფიციალური პირები, რომლებიც გასცემენ და შეასრულებენ მსგავს ბრძანებას, პასუხის აგებენ იმ შედეგებისათვის, რასაც მათი ქმედება საზოგადოებას მოუტანს, მათ შორის სისხლის სამართლის კანონებით". – ნათქვამია წერილში.

ისინი ასევე წერენ იმ საფრთხის შესახებაც, რასაც ინაუგურაციის დღემდე თავდაცვის დეპარტამენტის მართვის მომდევნო ადმინისტრაციისათვის სრულად არ გადაცემა მოიტანს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არაერთხელ განუცხადებია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მართვის გადაცემის პროცესს განზრახ აჭიანურებს და ხელს უშლის. დონალდ ტრამპს არჩევნებში დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია და კვლავ გაყალბებაზე საუბრობს.

"ეს შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა დაუცველია მოწინააღმდეგეთა ქმედებების წინაშე, რომელთაც სიტუაციით სარგებლობა სურთ". – ვკითხულობთ წერილში.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ დღეებში თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტოფერ მილერმა, შეცვალა გადაწყვეტილება ამერიკის ფლოტის ავიამზიდის, USS Nimitz-ის ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნების თაობაზე. მიზეზი ერაყში სიტუაციის დაძაბვა გახდა. 3 იანვარს, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის, მოკვლიდან 1 წლის თავზე ერაყში ანტიამერიკული საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ქუჩებში პროირანული ძალების ათობით ათასი მხარდამჭერი გამოვიდა. მილერმა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად დაასახელა ირანის ლიდერების მხრიდან ტრამპისა და აშშ-ს მთავრობის მისამართით გაკეთებული მუქარა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ განცხადებებს გულისხმობდა.

კომენტარები