არგენტინა

არგენტინის სენატმა აბორტის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

აბორტის ლეგალიზების მომხრე დემონსტრანტები არგენტინის კონგრესთან გამართულ აქციაზე
Reuters

არგენტინის სენატმა აბორტის ლეგალიზების კანონს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დილის 4 საათზე ხანგრძლივი დებატების შემდეგ გაიმართა. სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა 38 ხმით 29-ს წინააღმდეგ, ერთმა სენატორმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კანონის ფარგლებში აბორტი ორსულობის მე-14 კვირის ჩათვლით ლეგალური გახდა.

კანონპროექტის დამტკიცებამ კონგრესის შენობის წინ შეკრებილი მხარდაჭერების სიხარული გამოიწვია.

"ეს მრავალწლიანი ბრძოლა იყო, ბევრი ქალი დაიღუპა. მომავალში არალეგალური აბორტის გამო ქალები აღარასდროს დაიღუპებიან". – თქვა ვილმა იბარამ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და პრეზიდენტის ერთ-ერთმა მდივანმა. 

აბორტის ლეგალიზებას არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესიც გამოეხმაურა: "უსაფრთხო, ლეგალური და უფასო აბორტი კანონია. დღეს ჩვენ უკეთესი საზოგადოება ვართ, რომელიც ქალთა უფლებებს აფართოებს და ჯანდაცვის გარანტიებს ქმნის".

აბორტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და მისი გატარება რთული იქნება. აბორტის ლეგალიზებას კათოლიკე ეკლესიაც ეწინააღმდეგება.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში აბორტთან დაკავშირებული კანონები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. ელ სალვადორში, ნიკარაგუასა და დომინიკელთა რესპუბლიკაში აბორტი სრულიად აკრძალულია. რეგიონის სხვა ქვეყნებში კი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია ნებადართული.

ამ დრომდე არგენტინაში აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა და დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში იყო ნებადართული.

კომენტარები