კორონავირუსი საქართველოში

მაჭავარიანი დახმარებებზე: არავის ჰქონდეს განცდა, რომ ევროპა ან აშშ უკეთესს აკეთებს

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის აზრით, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული პაკეტები, იქნება ეს სოციალური თუ ბიზნესის მხარდაჭერა, საუკეთესო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი და მათში ინოვაციური კომპონენტებიცაა შეტანილი. 

მაჭავარიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ დარწმუნებულია, წლების გასვლის შემდეგ ანტიკრიზისულ პაკეტებს მაღალი შეფასება ექნება და არავის ეგონოს, რომ აშშ ან ევროპა უკეთესს აკეთებენ.

"სავალუტო ფონდმაც და ყველა კვლევამ ბოლო პერიოდში ახსენა, რომ ამ მწირი რესურსების პირობებში, ამ პატარა ღარიბმა ქვეყანამ, რამდენად სწორად და რამდენად სამართლიანად გადაანაწილა რესურსი, იქნებოდა ეს, უშუალოდ პანდემიისგან ვინც დაზარალდა, უმუშევრად ვინც დარჩა, ფორმალური სექტორი, არაფორმალური სექტორი, დენის ნაწილი იყო ინოვაციური, როდესაც დენის მოხმარებით გავედით, შეძლებისდაგვარად, შეჭირვებულ ფენაზე, ბიზნესისთვის როგორი დახმარებაც გავაკეთეთ.

მე დარწმუნებული ვარ, გავა წლები და როდესაც შეფასდება ეს პაკეტები და ამ შეზღუდული რესურსის პირობებში როგორ მოვიქეცით, მე მგონია, რომ ამას ექნება მაღალი შეფასება, არავის ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ რამე დავაკელით, ან ისეთი დახმარება გავწიეთ, რომელიც საერთოდ არალოგიკურია და ევროპა ან აშშ უკეთესს აკეთებს. უკეთესს აკეთებენ შეიძლება თანხით, ციფრით, ზომით, მაგრამ არა იმ მიმართულებების აღმოჩენით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ". - თქვა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ უკეთესი შეიძლებოდა, თუმცა აშშ-სთან და ევროპასთან შედარებითაც კი საქართველო სოლიდურად გამოიყურება.

"ჩვენი ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ უკეთესი შეიძლებოდა. უკეთესი თანხობრივად? ზომით? კი ბატონო, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რესურსია, როცა აშშ-ში 600$-ს არიგებენ, მეორე პაკეტია ეს, პირველად 1200$ დაარიგეს. ჩვენ 1200 ლარიანს ვარიგებთ, ერთხელ ვქენით 6 თვის განმავლობაში, მეორედ ვაპირებთ. ეს არ არის პატარა ამბავი. ნუ გავიწყდებათ, რომ აშშ-ში დოლარი აქვთ და სარეზერვო ვალუტაა, პრაქტიკულად, მათი სივრცე არის შეუზღუდავი. ჩვენ არ გვაქვს ეგ, ამიტომ შევედაროთ, იმათთან შედარებითაც კი საკმაოდ სოლიდურად გამოვიყურებით, თუარადა ციფრები თავისას იტყვიან". - ამბობს მაჭავარიანი.

 

კომენტარები