წყლის ტარიფი

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ტარიფიც გაიზარდა

ერიკ თაიერი / REUTERS

1 იანვრიდან, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის გადასახადიც ძვირდება. სემეკ-მა GWP-ის და  შპს რუსთავის წყალის გაზრდილი ტარიფები ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

GWP-ის იმ აბონენტებისთვის, ვინც მრიცხველს მოიხმარს, წყლის ტარიფმა ერთ კუბომეტრზე 17 თეთრით მოიმატა, ხოლო ვინც სულადობრივად იხდის - 63 თეთრით.

კერძოდ, 1 კუბური მეტრის ღირებულება აბონენტებისთვის 50 თეთრი იქნება. აქამდე ეს 32.9 თეთრი იყო. სულადობრივად კი აბონენტებს 4.51 ლარის გადახდა მოუწევთ.

რაც შეეხება კომერციულ აბონენტებს, ისინი 1 კუბურ მეტრ წყალზე 4.4 ლარის ნაცვლად, 6.5 ლარს გადაიხდიან.

რაც შეეხება შპს რუსთავის წყალს, გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფმა 10 თეთრით მოიმატა და 3.7 ლარი იქნება. 

სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის თქმით, ტარიფების გადახედვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კომპანიებს შეუფერხებლად გაეგრძელებინათ მუშაობა. მისივე ცნობით, კომპანიებს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი არ აკმაყოფილებთ.

"ჯივიპის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ტარიფი კიდევ უფრო მეტად, 30-40%-ით გაიზრდებოდა. კომპანია არ ეთანხმება და შესაძლოა, აღნიშნული ტარიფები გასაჩივრდეს კიდევაც, თუმცა სერიოზული ანალიზი ჩავატარეთ და მიგვაჩნია, რომ კომპანია ამ ტარიფით შეძლებს მოამარაგოს თბილისი, მცხეთა და რუსთავი უწყვეტი სასმელი წყლით". – თქვა ფანგანმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

დღესვე სემეკ-მა ენერგოკომპანიების განაცხადი განიხილა და ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა. 1-ლი იანვრიდან, დენის გადასახადი მოსახლეობას 3.5 თეთრით, ხოლო კომერციულ სექტორს 11-14 თეთრით უძვირდება. ეს დროებითი ტარიფია და ივლისამდე იმოქმედებს. ამის შემდეგ სემეკი გრძელვადიან ტარიფებს დაადგენს. 

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ენერგოკომპანიები კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან.

"ჩვენ რომ კომპანიების მაქსიმალურად ყველა ხარჯი და ყველა წარმოდგენილი პროექტი გაგვეთვალისწინებინა, მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც ჩვენ მოგვიწევდა". – ამბობს ნარმანია.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობა 2021 წელს სრულად დაუსუბსიდირებს დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. ასევე, 50%-ით დაუსუბსირდებათ სხვაობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს.

რაც შეეხება წყლის გადასახადს, ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობას საქართველოს მთავრობა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს დაუფინანსებს.

კომენტარები