პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სემეკი ელექტროენერგიის ტარიფს არამხოლოდ ფიზიკურ პირებს, არამედ, ორგანიზაციებსაც გაუზრდის. გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ამის გამო, არსებობს რისკი, გაზრდილი ტარიფის გამო, სხვა პროდუქტებიც გაძვირდეს.
"ამ მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში საკვები პროდუქტების წარმოების, ადგილობრივ წარმოებაზეა საუბარი, 2021 წლის განმავლობაში დაუსუბსირდება ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა 50%-ით.
ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვებ პროდუქტებზე საბოლოო ფასში არ აისახება". –თქვა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე.
პრემიერმა ფიზიკური პირების სუბსიდირებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს სხვაობას ახლანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის იმ აბონენტებს, ვინც თვეში 300 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
"ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს სოციალურად ზედმეტ წნეხად არ დააწვეს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა. ასევე, ადგილობრივ წარმოებას, საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ პირველადი მოხმარების ნებისმიერი სახის საკვებ პროდუქტს, მათთვისაც ტარიფის ზრდა არ აისახოს საბოლოო წარმოებული პროდუქტის ფასში, რაც, რა თქმა უნდა, ასევე იქნება ზეწოლა ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ გადასახადებზე". – თქვა გახარიამ.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის რაოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სემეკი საბოლოო ტარიფს დაადგენს.
კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ უკვე მიმართა სემეკს ელექტროენერგიის ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით, რადგან, კომპანიის ცნობით, "მოქმედი ტარიფი დიდი ხანია, ვეღარ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილს ხარჯებს ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებით".
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო არ ჩაერევა სემეკის კომპეტენციაში ელექტროენერგიის ახალი ტარიფის დადგენის პროცესში.