ეკონომიკა

მაჭავარიანი: 2021 წელს ეკონომიკის დანაკლისი 800 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და  განსაკუთრებული ზიანი მიადგა ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

"განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის 10%-ს შეადგენდა. 2019 წელს ტურიზმიდან ჩვენმა ეკონომიკამ 3.3 მილიარდი დოლარი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წელს 90%-მდე შემცირდება. გასულ წელს, ექსპორტი 3.8 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა წელს, დაახლოებით, 10%-იანი შემცირება გვექნება. ჯამში, მხოლოდ ამ ორი სექტორიდან, საქართველოს ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა". – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, დანაკლისი ნაწილობრივ დააბალანსა საქართველოს მოქალაქეების ტურისტული ვიზიტებისა და იმპორტის შემცირებამ, მაგრამ სავაჭრო ბალანსი მაინც გაუარესდა, დაახლოებით, 700 მლნ დოლარით და 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც მომდევნო წელს არის მოსალოდნელი და ეკონომიკის დანაკლისი, მომდევნო წელს, 800 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.

"სავაჭრო ბალანსის გაუარესებამ გავლენა იქონია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც, რომლის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 9.7%-ის, ხოლო 2021 წელს 8.5%-ის დონეზეა პროგნოზირებული. პანდემიამ და მისგან გამომდინარე გაურკვევლობამ მთელ მსოფლიოში გამოიწვია ინვესტიციების შემცირება, რაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზეც აისახა. მიმდინარე წელს მოსალოდნელია მისი 30%-იანი შემცირება, რაც, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარის დანაკლისია.

სავაჭრო ბალანსისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 1.3 მილიარდი დოლარის, ხოლო მომდევნო წელს, დაახლოებით, 800 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება". –  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

კომენტარები