შობა

წერილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს არ ვწერ – მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

ნინო სარალიშვილი

წერილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს არ ვწერ.

როდესაც ამოვიკითხე, რომ საქრთველოს პრეზიდენტმა რომის კათოლიკეებს მიულოცა შობა საქართველოში და მთელ სამყაროში, ვიფიქრე, ნეტა დანარჩენმა ქრისტიანებმა (მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა და მთელი პროტესტანტული სამყარო), რა ფაფაში ჩაუყვეს-მეთქი ამ ქალს ფეხი.

ჯანდაბას ჩვენი თავი (ქართველი პროტესტანტებისა), მაგრამ ნეტა სხვებს რას ემდურის-მეთქი ეს ქალი.

ვიფიქრე: იქნება ანგელა მერკელზეა-მეთქი საქართველოს პრეზიდენტი ნაწყენი, იქნება ამერიკელ პარტნიორებზე აქვს-მეთქი გული აჩხრეკილი, ან ჯონონის თმის ვარცხნილობა არ მოსწონს-მეთქი, ან ტრიუდოს ფრანგულს უწუნებს, ან საბერძნეთის პრემიერი არ ეპიტნავება და იმიტომ არ ულოცავს-მეთქი.

მერე, სულო ცოდვილო, ისიც ვიფიქრე, მრჩევლები არ ჰყავს და რა ქნას-მეთქი, საწყალმა. ვიფიქრე, იქნება რელიგიის კვლევების რომელიმე მაგისტრანტსა ვთხოვოთ ილიაუნიში, რომ პრეზიდენტს რელიგიის შესახებ მოხალისეობის პრინციპით რჩევები მიაწოდოს-მეთქი.

ასვე გადავწყიტე, წერილი მიმეწერა და ამეხსნა, რომ, თუ შობას ულოცავს ვიმეს, ყველას უნდა მიულოცოს, ვინც 25 დეკემბერში ზეიმობს და 7 იანვარს არ გალობს „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემასაო.“ ისიც მინდოდა მიმეწერა, მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა 25-ში აღნიშნავს-მეთქი შობას. ვინც არ აღნიშნავს, თავს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იკავებს და მალე ისინიც 25-ში იზეიმებენ-მეთქი. იმის შეხსენებაც მინდოდა, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ნანატრი ავტოკეფალია მოიპოვა, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ 25-ში ეზეიმათ-მეთქი შობა.

მაგრამ გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე მივწერე. მანაც მიიღო ჩემი შენიშვნა. როგორც ღირსეულმა ადამიანმა მოიბოდშა და იმის მერე ყველსა ულოცავდა შობას ვინც 25-ში აღნიშნავდა და ვინც 7-ში. პრეზიდენტი ხომ, წესით, ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს!

არა ამჟამინდელი პრეზიდენტის, არამედ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ შობის მილოცვისას ვიღაცეების უგულებელყოფა და დაჩაგვრა ღალატია თვითონ შობის პრინციპისა, რომლის მიხედვითაც სუსტი და მოწყვლადი ყრმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰეროდე დიდი და ძლიერნი ამა სოფლისანი. შობა გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. რა ვუყოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ სცემს პატივს. სამაგიეროდ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს. საბედნიეროდ, ამ სოფლის ძლიერებზე არ არის დამოკიდებული, ვის გულში დაიბადება და ვის გულში დაიდებს ბინას განკაცებული მაცხოვარი და ვისაში არა.

ყველას გილოცავთ შობას ვინც 25-ში აღნიშნავთ, ვინც 7-ში აღნიშნავთ (მათ შორის პრეზიდენტსაც), ვინც ვერ აღნიშნავთ და ვინც არ აღნიშნავთ საერთოდ. შობა მარტო ქრისტიანების დღესასწაული არ არის. ის ყველასია, ვისაც მშვიდობისა, სიყვარულისა, თავისუფლებისა და სამართლიანობისა სჯერა.

კომენტარები