მე-10 მოწვევის პარლამენტი

გახარია კულტურის სამინისტროზე: შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის უნდა გამოასწორო

"ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს შეცდომა უნდა გამოასწორო" – ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კულტურის სამინისტროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კიდევ ერთხელ გამოყოფის საკითხს. მისივე თქმით, სპორტის სამინისტრო ან კულტურასთან ერთად გამოიყოფა ან განათლების სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება.

"რეალურად ამ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მართლა რთული ვითარებაა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს. კიდევ ერთი რამ არის, ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის შეუფასებელი, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ცალკე სამინისტრო საჭირო, რომ, როგორც კულტურის შენარჩუნება მოხდეს, ასევე მოხდეს კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია. 

კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოეყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება". – თქვა გახარიამ. 

კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ბევრი იფიქრეს და კულტურის სამინისტრო, მაქსიმუმ თებერვლამდე, ცალკე გამოიყოფა. ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტი გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდა. 

2017 წლის ნოემბერში მაშინ პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს შეუერთდა. 2018 წელს კი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა. 

21 დეკემბერს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ, თუ მას კულტურის მინისტრობას შესთავაზებენ, "სერიოზულად" დაფიქრდება. ახლა ის კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. 

კომენტარები