საქართველო — ტურიზმის ქვეყანა

[gallery] მთელ მსოფლიოს მოვდეთ, რომ საქართველო ტურიზმის ქვეყანაა, რომ გვაქვს უნიკალური, არნახული, ისეთი, სხვაგან რომ ვერ ნახავ, ბუნება: მთები, მდინარეები, ზღვა, თოვლი... კი, გვაქვს, მაგრამ თუ პრეზიდენტმა არ ჩაყვინთა, ან ტრამპ–ლინიდან არ ჩამოსრიალდა, მგონი, არავინ ფიქრობს, როგორ უნდა შეუწყოს ტურიზმის განვითარებას ხელი. ჩემს საყვარელ ორ დასასვენებელ კურორტზე მინდა მოგიყვეთ. ვაღიარებ, ორივე მართლაც უნიკალური ადგილია საქართველოში და მგონია, რომ მსოფლიოში მართლაც არ არის ასეთი ჯადოსნური მაგნიტური ქვიშა და ბრონქიტის და ასთმის სამკურნალო ჩუმათელეთური მიკროკლიმატი. დაბადებიდან ყოველ ზაფხულს სურამში ერთთვიანი დასვენება მქონდა გამოწერილი სუსტი ბრონქების გამო. ბოლო თორმეტი წელი კი ურეკის მაგნიტურ ქვიშაში ვნებივრობდი. ნუ იფიქრებთ, რაღა ურეკის ქვიშაში, წასულიყო და ოქრის სანაპიროზე ენებივრაო. ამას თავისი ფინანსური გათვლებიც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკურმა აღმავლობამ და მდგომარეობამ შეაწუხა ჩემი ჭკუა–გონება, თავში ამ ორი კურორტის განვითარების გეგმა მომდიოდა აზრად. მეცხრე კლასში პროექტიც კი დავწერე, სადაც სურამის და ურეკის მსოფლიო დონის კურორტებად გადაქცევას ვგეგმავდი. დღესაც მაქვს ეს პრეზენტაცია შემონახული J.   არა მგონია, მხოლოდ მე მოსვლოდა ეს აზრი თავში, მაგრამ ყოველ წელს ვრწმუნდები, რომ მისი რეალიზაცია ჯერ კიდევ შორეული მომავალია. სურამში, მიკროკლიმატის გარდა და განთქმული „შვილო, ზურაბ, სადამდის“ – სურამის ციხის გარდა, განსაკუთრებული ნიშან–თვისებებით გამორჩეული თვალების სამკურნალო რკინის წყალიც არის. როგორც სპეციალისტები ამბობენ: ამ წყლით ყოველ დილით თვალების მობანა, ჩვენი მხედველობის გარანტიაა. ჩუმათელეთის მიკროკლიმატი ალპების მთის მიკროკლიმატს არაფრით ჩამოუვარდება. ამ წუთასაც ჩემი დიდი ბაბუის გაშენებულ სურამის ნაძვნარში ვზივარ და ამ ბლოგს ვწერ. არა, WiFi და ინტერნეტი აქ არ არის, უბრალოდ ფურცელზე ვწერ J ურიგო არ იქნებოდა, ამ ჰაერით ბატონი მიშა დამტკბარიყო და არც მსხვილ ბიზნესმენებს აწყენდათ მისით ტკბობა. იქნებ, ვინმეს მაინც ეფიქრა სურამის რეაბილიტაციაზე. მითუმეტეს, რომ წლევანდელმა წყალდიდობამ კიდევ უფრო მოანგრია სურამის ძლივს შეკოწიწებული ინფრასტრუქტურა. არც ურეკის მაგნიტურ ქვიშაში კოტრიალი აწყენდათ „ძლიერთა ამა ქვეყნისას“. მეტი რეკლამა და პიარი რა უნდა იყოს, თუ ერთი–ორი სიუჟეტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ იფერთხავს ურეკის მაგნიტურ ქვიშას, მაგალითად, დონალდ ტრამპი J მას ნამდვილად გაუმართლებდა წელს, რადგან შეზლონგები ზღვასთან ახლოს, პირველ ზოლში ქირავდებოდა. მეორე ზოლში „სამამულო“ ტურისტები ირუჯებოდნენ. თურმე, 2006 წლიდან იჯარით აუღია პირველი ზოლი რომელიღაც ადგილობრივ „ჭღრ–პღრ“ შპს–ს და „სამამულო“ ტურისტებისგან პირველი ზოლიდან უკან გადანაცვლებას ითხოვენ. ერთი–ორს გაუპროტესტებია კიდეც – თქვენ გადადით უკანა ზოლშიო –  პასუხად კი მიიღეს – უკან ნაგავიაო! სანაპიროზე ნაგვის გარდა სხვა თვალშისაცემიც ბევრია. ღმერთმა დაგიფაროთ და თუ სურვილი გაგიჩნდათ მთავარის შუქზე ზღვის ტალღების ხმაურით დატკბეთ, არავინ იცის ვინ და რა განზრახვით მოგადგებათ უკნიდან – სანაპირო სრულიად ჩაბნელებულია! არაჩვეულებრივი fashion სასტუმროების გარშემო ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად მოუწესრიგებელია.  ეშვები სასტუმროს მარმარილოს კიბიდან და პირდაპირ ტალახში ჩატოპავ (თუ ნაწვიმარია) ან მტვერში ამოიგანგლები. მახსოვს, შარშან ერთმა უკრაინელმა ასაკოვანმა ქალბატონმა, რომელიც კისრამდე ქვიშაში იყო ჩაფლული, როგორ მოატანინა შვილიშვილს ერთი ჭიქა ზღვის წყალი და ნება–ნება მიირთვა. ჩვენი გაოცებული სახის დანახვაზე, ასეთი რამ თქვა: Вы сами не знаете, какое у вас  сокровище! ასეთი, „сокровище“  სურამის და ურეკის გარდა კიდევ ბევრი გვაქვს. გვაქვს, მაგრამ ვერ ვუვლით. ზუსტად ვიცი,  ასეთი განწყობა მარტო მე არ მაქვს და არც მხოლოდ პრეზიდენტს. დიახ, მივხედოთ ჩვენს საგანძურს, ფული ხომ გვინდა?!

კომენტარები