დემოკრატია და ოხლოკრატია, ანუ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

რა იყო 2012 წლის ყველაზე კარგი მოვლენა? – დემოკრატიამ გაიმარჯვა

რა იყო 2012 წლის ყველაზე ცუდი მოვლენა? – დემოკრატიამ გაიმარჯვა

ვანო ჯავახიშვილი, The Vano’s show

წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს წინადადება, როგორც ჩვენი ინტელექტუალები შენიშნავდნენ, ინდუისტურ „მანტრას” გვაგონებს: ის თავისთავად ცხადია, მისი გამეორება მომაბეზრებელია. ახლა დავსვამ პროვოკაციულ კითხვას, რომელსაც ბანალურად, ალბათ, არ ჩამითვლიან: კარგია მერე, რომ გაიმარჯვა?

ჯერ ვაღიაროთ: არჩევნების შედეგებმა უკვე უბიძგა კითხვის ამგვარად დასმას, ყოველ შემთხვევაში, იმათ შორის, ვისაც არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნება ძალიან, ძალიან არ მოსწონს (სხვას შეუძლია ეს სტატია აღარც წაიკითხოს). მაგრამ ჯერჯერობით ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტი წამოძახილებია და არა სერიოზული მსჯელობა.

წმინდა ძროხა

რატომ? იმიტომ, რომ კითხვის ასე დასმა ტაბუს დარღვევაა. დღევანდელ საზოგადოებაში დემოკრატია, ისევ ინდუისტურ ანალოგიებს თუ მოვიხმობთ, „წმინდა ძროხაა”. მას ვერ შეეხები, მის სიწმინდეს ეჭვქვეშ ვერ დააყენებ.

ჯერ სხვანაირად დავაყენოთ საკითხი: კარგია, რომ დემოკრატიამ „წმინდა ძროხის” სტატუსი დაკარგოს და მისი იდეაც კი საპრობლემოდ ვაქციოთ? ამაზე ცალსახა პასუხი მაქვს: დიახ, ეს აუცილებელია. დემოკრატიის იდეის უპირობო აღიარება საზოგადოების არასაკმარის დემოკრატიულობაზე მეტყველებს.

ასეთი აღიარება სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას მართლა სწამს დემოკრატიული ღირებულებების და, მით უმეტეს, შესაბამისად იქცევა. ეს ვითარება იმას მაგონებს, როგორ უყურებდნენ ჩემს ახალგაზრდობაში კომუნიზმის იდეოლოგიას: შინაურობაში დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, მაგრამ საჯაროდ მანტრასავით იმეორებდნენ, რომ ეს ერთადერთი ჭეშმარიტებაა. ამან დანერგა ცინიზმის კულტურა, კომუნიზმის ყველაზე მყარი მენტალური დანატოვარი. დღეს ის ვრცელდება დემოკრატიაზე: ევროპელების დასანახად კი ვითომ ვიცავთ დემოკრატიის წესებს, მაგრამ სადამდეც გაგვივა, მოვიტყუებით.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ნაწილია, კრიტიკულები ვიყოთ ნებისმიერი მოსაზრების, მათ შორის დემოკრატიის იდეის მიმართ. დემოკრატია ეყრდნობა მოქალაქეთა უნარს, გააკეთონ ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი. ეს დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სისტემებს შორის არჩევანსაც გულისხმობს.

სამართლიანობა მოითხოვს ვახსენო, რომ ტაბულა ამ მხრივაც პიონერია: 2011 წლის ბოლოს აქ გამოქვეყნდა ორი სტატია, რომელიც დემოკრატიის იდეას კითხვის ქვეშ აყენებდა. გია ჯანდიერმა (ტაბულა #83) დემოკრატიას უწოდა „ღმერთი, რომელმაც არ გაამართლა”, ხოლო დავით აფრასიძემ (ტაბულა #80) იკითხა, „გვინდა კი დემოკრატიზაცია?”, მაგრამ დაასკვნა, რომ თუმცა დემოკრატიას თავისი საფრთხეები ახლავს, ავტორიტარიზმი კიდევ უფრო სახიფათოა. ძალიანაც კარგი: სწორედ ამაზეა სალაპარაკო.

ბრბოს ბატონობა

რა არის დემოკრატიის ძირითადი საფრთხე? ანტიკური დროიდან დღევანდლამდე გონიერი ხალხი ამბობდა, რომ ეს არის ოხლოკრატია, ანუ ბრბოს ბატონობა. ახალ დროში ამას კიდევ სხვა სახელი შეარქვეს: „უმრავლესობის ტირანია”.

პრობლემა თვით დემოკრატიის არსშია. „ხალხის მმართველობა” აბსტრაქციაა, პრაქტიკულად ის ნიშნავს, რომ მთავრობა არჩევნებზე მოსულ ადამიანთა უმრავლესობის ნებით იქმნება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა 45 პროცენტი რომ მივა არჩევნებზე (ამ ქვეყნისთვის ნორმალური მაჩვენებელია) და ამათგან 50,5 პროცენტი ერთ-ერთ კანდიდატს მისცემს ხმას, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაასკვნიან: „ამერიკელმა ხალხმა განაჩენი გამოიტანა”.

ოღონდ ამერიკელებს ახსოვთ, რომ ეს მხოლოდ მეტაფორაა. სინამდვილეში არავითარი ხალხის ნება არ არსებობს: ნება მხოლოდ ინდივიდებს აქვთ. ინდივიდები კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ხანდახან შეხედულებებსაც იცვლიან.

ოხლოკრატიად დემოკრატიის გადაგვარება მაშინ იწყება, როცა ეს მეტაფორა პირდაპირი აზრით ესმით: არჩევნების დღეს მოსულთა უმრავლესობა იგივეა, რაც საერთოდ „ხალხი”. ესე იგი, ვინც მათ არ ეთანხმება, ხალხის (სახელმწიფოს, ქვეყნის) მტერია. მაგრამ სადაც უმცირესობის უფლებები არ არის დაცული, ოხლოკრატია ახალ ტირანიად გადაიქცევა: ასე მივდივართ მანკიერ წრეზე.

გამარჯვებული ხალხის თემით სპეკულირება ბევრი გვახსოვს საქართველოს სხვადასხვა მთავრობისგან – განსაკუთრებით ვარდების რევოლუციით მოსულისგან. ეს ის ცთუნებაა, რომელსაც ცოტა დემოკრატიული პოლიტიკოსი თუ უძლებს. პოპულარობის მწვერვალზე მყოფ ლიდერებს ავიწყდებათ, რომ რეიტინგი ქარაფშუტა ქალივითაა (ან მუსუსი კაცივით, დავამატებ გენდერული ბალანსისთვის): არასოდეს იცი, როდის გაგექცევა და „გამარჯვებულ ხალხს” შეგატოვებს.

მაგრამ დღეს ახალი მთავრობა გვყავს. მან უკვე მოასწრო, მოეხსნა წინამორბედების რეკორდი ბრბოს ინსტინქტის წახალისების მხრივ. არადა, წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან ის პირველია, ვინც არჩევნებით მოვიდა. რევოლუციების შედეგია ან გაგრძელებული არეულობა, ან ძალაუფლების კონცენტრაცია შედარებით მცირე ჯგუფის ხელში (პირველის მაგალითი ვნახეთ 1990-იანების დასაწყისში, მეორის – ვარდების რევოლუციის შემდეგ). ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილება კი პლურალისტურ გარემოს გვიტოვებს: არავინ იგებს არჩევნებს 96 პროცენტით, ყოფილი ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას ოპოზიციის სახით, იცვლება ხელისუფლების მხოლოდ ერთი შტო (მაგალითად, პარლამენტი) და არა სხვები (მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობა და სასამართლო) და ა. შ.

ასე უნდა ყოფილიყო საქართველოშიც პირველი ოქტომბრის შემდეგ – ამ შემთხვევაში ნამდვილად გვექნებოდა ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება. ჯერ კიდევ შეიძლება, ეს მიღწევა შენარჩუნდეს: მაგალითად, თუ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციამ საშუალება არ მისცა ქართულ ოცნებას, საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნას; თუ ყველა მუნიციპალიტეტი არ „გაოცნებდა”, თუ ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სასამართლოს და ნაციონალური სატელევიზიო არხების გაკონტროლება და ა. შ.

მაგრამ ახალი უმრავლესობა არ მალავს, რომ მიზანი სწორედ ამ პლურალიზმის დაძლევაა. ოხლოკრატიის მახინჯი სახე თვალსაჩინოდ დავინახეთ 8 თებერვალს, როცა მეოცნებეთა ბრბო ოპოზიციის ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდა. „ოცნების” ლიდერებმა ცალყბად დაგმეს თავისი ოხლოსის ძალადობა, თუმცა იქვე გააბათილეს ეს იმით, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა მათსავე გალახულ „ნაცებს” დააკისრეს.

ქართულ ოცნებას, თავისი რიტორიკით და ქმედებით, ლოგიკურად მიჰყავდა საქმე ამ ეპიზოდამდე. ის ოხლოკრატიის ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობს: ამწუთიერ უმრავლესობას სრულად აიგივებს ზოგადად ხალხთან. მაგალითად, როცა ოპოზიცია არ დათანხმდა უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს უკანასკნელი მასთან შეთანხმებას კი არ შეეცადა (რაც სავსებით შესაძლებელი იყო), არამედ მის გატეხვას და გახლეჩას მუქარის, შანტაჟის და, სავარაუდოდ, მოსყიდვის გზით. ეს მართლდებოდა რიტორიკით: „ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ”, რაც, როგორც ვთქვი, ოხლოკრატიის კლასიკური ფორმულირებაა.

და მაინც, რაც ვქნათ?

მაგრამ ახალი ხელისუფლების შეფასება ამ სტატიის ძირითადი თემა არ არის: აქ მხოლოდ განვმარტე ეს შეფასება. მთავარია თავში დასმული კითხვა: მისაღები იყო თუ არა ძალაუფლების დემოკრატიულად დათმობა, თუ შედეგი ოხლოკრატიაა?

როცა ვამბობთ, რომ დემოკრატია ჯობია ავტორიტარიზმს, ვგულისხმობთ ლიბერალურ დემოკრატიას, რომელიც იცავს პლურალიზმს და პატივს სცემს ინდივიდის და უმცირესობის უფლებებს. ოხლოკრატია, რომელიც ამის საპირისპიროს აკეთებს, უარესია, ვიდრე ზომიერი ავტორიტარიზმის ფორმები და საბოლოოდ თავადაც იქცევა ტირანიად. ამიტომაცაა, რომ მრავალი დიდი მოაზროვნე დემოკრატიას ემტერებოდა: მათ ნაკლებად სჯეროდათ ლიბერალური დემოკრატიის პერსპექტივისა, ბრბოს ბატონობისა კი ეშინოდათ.

ესე იგი, რას ვამბობ: მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ყველა კანონიერი და უკანონო ხერხი უნდა გამოეყენებინა, ოღონდ „მეოცნებეები” ხელისუფლებაში არ მოეშვა? არა, საპირისპიროს ვფიქრობ. მთავარია, რატომ.

სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელ ვითარებაში კარგი გამოსავალი არა აქვს. როგორც ჩანს, „ოცნების” ხელისუფლება აშკარა (შესაძლოა, ტრაგიკული) უკანგადადგმული ნაბიჯია წინამორბედთან შედარებით (რომლის მიმართაც, თავის მხრივ, სერიოზული და სამართლიანი პრეტენზიები არსებობდა). მაგრამ მისი არმოშვება კიდევ უარესი იქნებოდა.

პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც შეიძლება ნახევრად-ავტორიტარიზმი ან ნაკლული დემოკრატია ვუწოდოთ, ამას უბრალოდ ვერ შეძლებდა: საამისოდ ნამდვილი, ცალსახა დიქტატურა იყო საჭირო.

მერე, რატომ არ უნდა დაემყარებინა სააკაშვილს მართლა დიქტატურა ქვეყნის გადასარჩენად? ყველაზე პოპულარული და სრულიად სწორი არგუმენტია, რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა ქართული საზოგადოების და, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის, ძირითად პროექტთან: დასავლურ ინტეგრაციასთან და ამის საფუძველზე საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან. საქართველო ორმხრივად წაგებიან ვითარებაშია, როგორსაც ჯოზეფ ჰელერის რომანის შემდეგ Catch-22-ს ეძახიან. დასავლური პოლიტიკური ღირებულებების თუნდაც არასრულყოფილმა გაზიარებამ მოიყვანა ხელისუფლება, რომელმაც საქართველო შეიძლება დასავლეთის ორბიტას ააცდინოს (არ ვამბობ, რომ აუცილებლად ააცდენს, მაგრამ რისკი რეალურია). ამის არდაშვება კი შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიის აშკარა უარყოფით, რაც საქართველოს დასავლეთისთვის ნაკლებად მომხიბლავს გახდიდა და გაზრდიდა იმის ალბათობას, რომ ევრაზიის კავშირის იქით გზა აღარ დაგვრჩენოდა.

ოღონდ ეს ფაქტორი – ვუწოდოთ მას „დემოკრატიის გეოპოლიტიკა” – ერთადერთი არ არის. არაბული ქვეყნების მოქალაქეები დასავლეთის ნაწილად გახდომას არ ესწრაფვიან, მაგრამ დემოკრატიის ხიბლი მათთვისაც დაუძლეველი აღმოჩნდა. იქ, როგორც ავტორიტარიზმის, ისე ოხლოკრატიის ფორმები და გამოვლინებები გაცილებით უფრო რადიკალურია, მაგრამ დილემის ბუნება მსგავსია.

მოკლედ, ლიბერალური ავტორიტარიზმის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის არარეალისტურია. ერთი მხრივ, თუ ავტორიტარიზმზე აიღე ორიენტაცია, ვერ გექნება გარანტია, რომ შედარებით „კარგ”, ზომიერ და პატრიოტ, დიქტატორს გაარტყამ. მეორე მხრივ, დღევანდელ სამყაროში მასობრივი დემოკრატიის ხიბლს წინ ვერაფერი აღუდგება (თუნდაც ის ოხლოკრატიის საფრთხეს შეიცავდეს).

ქართულმა საზოგადოებამ ჯერ ვერ შექმნა საიმისო ინსტიტუტები, რომ დემოკრატიულმა იმპულსმა ბრბოს ბატონობას არ გაუხსნას გზა, მხოლოდ ზემოდან კი ისინი ვერ შეიქმნება. ერთადერთი გამოსავალია დააგროვო გამოცდილება, ხშირად მწარე. ეს კი მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვთ. რაც არ უნდა ვიწუწუნოთ სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეზე, ამ ოცდახუთ წელიწადში ბევრი რამ ვისწავლეთ და დღეს ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და რაციონალურია, ვიდრე ეროვნული მოძრაობის ჩასახვისას იყო.

ჯერჯერობით ყველა ისტორიულ მოსახვევში რაღაცა ვისწავლეთ. იმედია, ახლაც მივხვდებით, რომ, მაგალითად, არ უნდა აირჩიო ციდან ჩამოვარდნილი კეთილი მილიარდერი მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით ციურ მანანას დაგპირდება; ან რომ ძველი მთავრობის „გასტუმრება” მისი წევრების გაქრობას და ბეჭებზე დადებას არ უნდა ნიშნავდეს. სასწავლი კიდევ ბევრია. რამდენი ხანი დაგვჭირდება, არ ვიცი; მაგრამ უკეთესი ალტერნატივა არ ჩანს.

 

 

კომენტარები