პოეზიის ქელეხი

ხოლო მას ტანსა ეცვა სადღაც ოდნავ დახეული ჯინსი... ჩანთა „სტიკერებით”... ერთი შეხედვით თანამედროვე... რაღაც აზრით – მეორე შეხედვითაც... მოვიდა ჩვეულებრივ... დაჯდა მაგიდასთან, როგორც სხვა ათასი მისი მსგავსი ანაც არამსგავსი... ვინმე ახალგარდაცვლილი კაცის ლექსები მოძებნა... რაღა ვინმე... როგორც სხვა ათასმა მსგავსმა და არამსგავსმა... მერე მობილურში მესიჯად აკრიფა და კმაყოფილი სახით გაგზავნა.

„მე შენ მიყვარხარ და მეყვარები, რამ დამავიწყოს შენი თვალები, შენი თვალები, როგორც ალები, მე შენ მიყვარხარ და მეყვარები”.

რაღაც ამგვარი...

ხოლო თქვენ მოხვალთ და მეტყვით: აი, პოსტმოდერნიზმი, აი, მაღალი და დაბალი ხელოვნების გათანაბრება, აი, მასკულტურის აღზევება და მერე სიმულაკრები და ჩაკრები და დერიდა და იჰაბ ჰასანი.

ან მოხვალთ და მეტყვით: შეგშურდა. დიახ, შემშურდა. არა, უფრო გავბრაზდი. თუნდაც ბევრი ჩემი მეგობრის გამო. ძალიან საინტერესო და მაგარი პოეტის გამო და მაგივრად.

დღეს რომ საქართველოში პოეზიაა პოპულარული, ასეთი საშინელი ამბავი იშვიათად ყოფილა. თუმცა ჩვენებური ლექსმოყვარეობა დიდწილად ყოველთვის ზერელე გახლდათ. ახლა, ინტერნეტვიდეოთა ერაში უფრო აიშვა თავი. ადრეც დავწერე, ერთმა კაცმა დაიდო ჩვენი ცოდვა და კეთილად მოგვატყუა. ასე თქვა: ყველა ქართველი პოეტია და ყველა ქართველი პოეტი ორჯერ პოეტი. სულ მგონია, რომ ტიციანის ეს სტრიქონები ამაზე პასუხია (თუნდაც დროში და სივრცეში დაშორებული):

„იმერეთში მღერის დანიელა ურია,

კახეთში კიდევ – დედას ლევანა...

საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს

თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.

დღეს ღვთისმშობელი ძირს რომ ჩამოვიდეს,

მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს?”

აღქმა კი გვქონდა სხვანაირი. არ დაიჯეროთ. ყველა ქართველის პოეტობა ანუ. არც მკითხველობა დაიჯეროთ. მერე რა, რომ „ვეფხისტყაოსნის” და „თოვლის” ქვეყანა გვქვია და აღაზას სცენა ჩვენს ენაზეა დაწერილი და სულხან-საბას ლექსიკონი (ერთ-ერთი უდიდესი პოეტური წიგნი – ჩემი აზრით). ამ ტექსტების დიდმა ნაწილმა ქართველ მკითხველს გვერდი აუარა. უფრო სწორად, მკითხველმა აუარა გვერდი. ბევრს ჩვენთან ვაჟა არ ესმის. არც გურამიშვილი. გალაკტიონის ის ლექსები უყვართ, ბოლოს რომ თვითონვე ეზიზღებოდა. შეიძლება თქვათ, რომ ყველგან ასეა. ყველა ქვეყანაში. შეიძლება. მაგრამ ნუ ვიჟინებთ მაინც იმ ორჯერპოეტობას.

ამ ტელე-ინტერნეტ პოეზიის ორი მიმდინარეობა არსებობს. სამიჯნურო და საკუთრივ პოეტის შესახებ. ანუ გაუტეხელი, უდარდელი, დაუფასებელი, მაგრამ მაინც ღრუბელშემოსილი პოეტის შესახებ. პირველი ისეთია, ზემოთ რომ sms-ით გაიგზავნა. მეორე – დაახლოებით ასეთი:

„ვერვინ დამძალავს, მე ვარ პოეტი,

და მთები ამაქვს ღმერთთან ტკივილით,

არ მინდა ფული, არ მინდა სახლი,

ლექსები უნდა ვშობო კივილით.

ასე, ასე ვიქნები მარად,

მე არ ვიცვლები, პოეტი მქვია,

სანამ ჩემ ამაყ, ნაჩუქარ პალტოს

არ შეჭამს ჭია.

მე დავბრუნდები მერე მიწაზე,

თქვენ რომ გგონივართ ხუთი წლის მკვდარი,

მე დავბრუნდები. პირამიდები.

ორი ღერი სიგარეტი.

ქარი”.

ეს „ლექსი” მე დავწერე, რა თქმა უნდა. როგორც წინა. შევეცადე სტილით მიმებაძა. ბევრს ვერაფერს გავხდი და ამასობაში პირველ სიტყვასა ზედა მოვიდეთ. გოგომ რაღაც პასუხი მიიღო. სავარაუდოდ, მეორე სტროფი იყო. კმაყოფილმა გაიღიმა. მაშინ ვიფიქრე, ეგებ მე ვცდები და ეს ქელეხი კი არა, ქორწილია.

ვინ იცის?!

 

კომენტარები