დაკარგული თაობა

როცა ზოგიერთი ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ საკუთარი ავტომობილით სახლისაკენ გაუდგება გზას, ჩავჯდები ხოლმე ტაქსიში და თბილისის იმ რაიონისაკენ ავიღებ გეზს, სადაც ვცხოვრობ და რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს საბჭოთა არქიტექტურის მომაჯადოებელი მომხიბვლელობა. ტაქსის მძღოლები საინტერესო ხალხია. ძნელია არ მოიხიბლო ზოგიერთი მათგანის დაკვირვების უნარით, რომელიც ჩემი პროფესიის ადამიანსაც კი (მე სოციოლოგი გახლავართ) შეშურდებოდა. მანქანაში ჩაჯდომიდანვე მათთვის ნათელია, თუ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნი და, აქედან გამომდინარე, რამდენი შეიძლება მგზავრობისათვის მოითხოვოს, თუ, რასაკვირველია, წინასწარ არ შეუთანხმდი გადახდაზე. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ინფორმაციისა, რომელსაც ისინი შენზე უკვე ფლობენ. მაგალითად, მათ უკვე იციან ცოლ/ქმარშვილიანი ხარ თუ არა, თბილისელი ხარ, თუ ქალაქში ბედის საძებნელად ჩამოსული, ხშირად სარგებლობ ტაქსით, თუ მისით სარგებლობა მხოლოდ უკიდურესი დაღლილობით ან საქორწილო და, ღმერთმა გვაშოროს, საქელეხო ან, გნებავთ, მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნით გამოწვეული აცუნდრუკებით არის გამოწვეული. უფრო მეტიც, ჩემი თაობის ტაქსისტებს მკაფიო წარმოდგენა აქვთ შენს პოლიტიკურ გემოვნებაზე, არცთუ იშვიათად, შენს სამომავლო გეგმებზეც კი. „თქვენ ალბათ ხვალაც დაგჭირდებათ ტაქსი, ჩემს ტელეფონს ხომ არ ჩაიწერდით?” ამ შეკითხვით ცხადი ხდება, რომ მან ყველაფერი იცის თქვენზე. ტაქსისტები ასეთი უნარებით, ძირითადად, ე.წ. X Generation-ის, ანუ ჩემი ასაკის ხალხია. ეს თაობა „დროში გაჩხერილი” ან, გნებავთ, „დაგვიანებული თაობაა”. საბჭოთა სისტემაში სოციალიზებული თაობა, რომელსაც ახალმა დრომ სხვა მოთხოვნები წაუყენა და აიძულა უკვე ფორმირებული ღირებულებებისა და ქცევის სტანდარტების რადიკალური შეცვლა. მრავალ მათგანს მართლაც აქვს, აწ უკვე უსარგებლო, თუ ორი არა, ერთი დიპლომი მაინც. მათ მკერდში ორი სული ცხოვრობს: ერთი საბჭოთა, ხოლო მეორე, მართალია, დაეჭვებული, მაგრამ დღეს უკვე წარსულთან მებრძოლი. მაგრამ როგორია ეს სული?

ტაქსისტებს უნივერსიტეტის პროფესორზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ. მათი ხელფასი ორასი რუბლი, შეიძლება ოდნავ მეტიც, იყო. ამას ემატებოდა ე.წ. ლევი, დღეში 50 რუბლის ოდენობით, და სწორედ ეს „ლევი” აქცევდა მათ ბედნიერ ადამიანებად და არა მარტო მათ, არამედ საბჭოთა ადამიანს ზოგადად. ყველას ჰქონდა ასეთი შემოსავალი: გლეხი საკოლმეურნეო ყანიდან მის მიერვე მოწეულ მოსავალს იპარავდა; ბრიგადირი ფიქტიური „კაცდღის” ხარჯზე ცხოვრობდა; კოლმეურნეობის თავმჯდომარე საბჭოთა ბუღალტერიის ოსტატური გამოყენებით ხარობდა და ა.შ. ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა ერთ-ერთ ლექციაზე თქვა: სისულელეა არ ისარგებლო საბჭოთა ბუღალტერიის და ეკონომიკის აბსურდულობითო. და მართლაც, ყველა იყენებდა მას სინდისის ქენჯნის გარეშე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონკურენციისა და უმუშევრობის შიშის არარსებობა. საბჭოთა ადამიანს არ ჰქონდა ისეთი მრავალფეროვანი სურვილების პალიტრა, როგორიც თანამედროვე, პოსტსაბჭოთა ადამიანს აქვს.

ბრეჟნევის ეპოქაში, განსაკუთრებით თუ რომელიმე ევროპულ ენას ფლობდით, შეგეძლოთ სისტემის მიერ აკრძალული წიგნები მოგეპოვებინათ და შემდეგ ამ „ეზოტერული”, იდუმალი ცოდნით განდობილთა წრეში თავიც მოგეწონებინათ. უფრო მეტიც, ზომიერ დისიდენტობას მატერიალური სიკეთეც შეეძლო მოეტანა. ერთი ან ორი „ანტისაბჭოთა” ლექსის, ან მცირე მოცულობის ნაციონალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი ესეს ავტორს, მომავალში დუმილის სანაცვლოდ, არცთუ იშვიათად, საბჭოთა სისტემა პრესტიჟულ უბანში სამოთახიანი ბინით აჯილდოებდა. ასეთ ბინას რუმინული ავეჯის ურიგოდ მიღების შესაძლებლობაც მოჰყვებოდა ხოლმე, რომ არაფერი ვთქვათ ავტომობილზე, საბჭოთა ადამიანის ოცნებაზე. გადამყიდველებთან „ლევად” ნაშოვნი ფულით ნაყიდ ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს თავისი მომხიბვლელობა ჰქონდა. ეს ნივთები ჩვენთვის უცხო და უცნობი საზოგადოებების შესახებ გვიყვებოდნენ და მათ სურვილებს გვიმჟღავნებდნენ. ადამიანი საკუთარ თავს როდი იყო მინდობილი, მას სისტემა და მისი ფლუქტუაციები მართავდა. სწორედ ამის გამო, დღეს ამ თაობას ბრეჟნევის ეპოქა ნამდვილ სამოთხედ წარმოუდგება.

დღეს საკუთარ თავს მინდობილ ჩემს თაობას, ყველაზე მეტად დამოუკიდებლობა უშლის ნერვებს. რა ვუყო საკუთარ თავისუფლებას? ერთი მხრივ, ამ თაობას სისტემის სიხისტე აწუხებს და მისგან გათავისუფლება უნდა, მეორე მხრივ – კვლავ სისტემა სურს, რომელიც „ლევად” მოქმედების გამო არ დასჯის. „საპატრულო პოლიცია თვითონაც არღვევს მოძრაობის წესებს”, მეუბნება ერთი ტაქსის მძღოლი; „საპატრულო პოლიციას „გაი” მირჩევნია, მანქანიდან გადმოვალ და ჯარიმაზე გავურიგდები. იაფი დამიჯდება”, – ამბობს მეორე.

პროფესორებსაც გვაქვს ჩვენი სამდურავი. წინათ, მისაღები გამოცდების წყალობით, ნათესავებსა და საზოგადოებაში არა მარტო ჩვენი განსწავლულობით ვიწონებდით თავს, არამედ იმ ზეგავლენით, მისაღებ გამოცდებზე, ჩვენი „ახლობლების” ჩარიცხვას რომ სჭირდებოდა. რა შეუძლია დროში დაკარგულ ამ თაობას თანამედროვეობას დაუპირისპიროს:

დაგმოს წარსული და აწმყო მიიღოს; ორივე დაგმოს (ასეთი რეტრიტიზმი იშვიათია), წარსულისა და აწმყოს ძლიერი და სუსტი მხარეები აწონ-დაწონოს და რაღაც შუალედური მოდელი ააგოს (ესეც იშვიათია), ან მისდიოს „ახალ ოცნებას”, რომელიც, შესაძლოა, ძველის ვარიაცია აღმოჩნდეს. მთავარი კი ის არის, რომ თანამედროვე სოციალური სისტემა მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

დაბოლოს, მსურს ეს მცირე ცდა ერთი შეკითხვით დავამთავრო: ჩემი თაობის ნოსტალგია გვიანდელ კომუნიზმზე და მისგან წარმოებულ სულიერ სიმშვიდეზე, არის საბჭოთა სისტემის, თუ მაშინდელი ჩვენი ახალგაზრდული ასაკის ეფექტი?

კომენტარები