უმუშევრობა საქართველოში

ჩემს ერთ-ერთ წინა „გამოხტომაში” დაქირავებულების „წინააღმდეგ” შევეცადე ამეხსნა, რომ სინამდვილეში დაქირავებული და ვაშლის გამყიდველი ქუჩაში, ორივე ადამიანები არიან და ხვდებიან ისეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, როგორიცაა ფეხმძიმობა, ავადმყოფობა, ქორწინება, ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ა.შ. მეტიც, ვაშლის გამყიდველები საკუთარ რესურსებს რისკავენ, რომ ჩვენ სახლში ვაშლი გვქონდეს. დაქირავებულებს, ამის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ერთი რისკი აქვთ – თუ კარგად არ გაირჯებიან, მათი დამქირავებლები გაკოტრდებიან და სამსახურს დაკარგავენ.

ზემოთქმული უკვე ბევრჯერ გადავღეჭეთ და ძნელია ახალი არგუმენტების გამოგონება – ქვეყანაში, რომელიც სერიოზული რისკების ქვეშ დგას, ინვესტიციებისათვის დამატებითი რისკების შექმნა ძალიან სახიფათოა. მან, ვინც ინვესტორებზე ფიქრობს, ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ უმეტეს შემთხვევაში ინვესტორი არ არის ერთი კერძო პირი, არამედ ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ ინვესტიციას პრაგმატულად უყურებს – რას მოიტანს ეს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. მათს უმრავლესობას, შესაძლებელია, არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდეს კონკრეტულად რომელ ქვეყანაშია მათი ფული განთავსებული, არამედ მისი კომპანიისაგან მოითხოვდეს, რომ ფული ნაკლებრისკიან, სტაბილურ და მომგებიან საქმეში ჩაიდოს. 

ზემოთქმული შედარებით ადვილი დასანახია, ისევე როგორც ჩვენი წარსული, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აწმყოს და შესაძლებელია განვიხილოთ თანაბარი მნიშვნელობის არგუმენტად – იმისათვის, რომ კარგად გავერკვეთ, თუ რატომ გვაქვს შედარებით მაღალი უმუშევრობა. უმუშევრობა საქართველოში ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევად განიხილება, ისევე როგორც აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ძნელია იმის ზუსტად დადგენა, რამ განაპირობა ამ ქვეყნებში ეს პროცესი, თუმცა ყველა შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ეს სახელმწიფოს უხეში ჩარევის შედეგია. 

საქართველოში უმუშევრობა მეტწილად მითიური მგონია. ვაშლის გამყიდველის მაგალითი აქაც რომ გადმოვიტანოთ – ბაზარზე კარგი ვაშლის დეფიციტია და ბევრი ცუდი ვაშლის შეთავაზება. კარგი ვაშლის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, და მცდელობა, იგი ცუდი ვაშლით ჩანაცვლდეს, წარუმატებელია. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უხარისხო ვაშლში ფულის გადახდის სურვილი მცირდება და ყველა ცდილობს იგი სხვა ხილით ჩაანაცვლოს. მომავალში ვაშლის გამყიდველები იძულებული არიან, კარგი ვაშლი იშოვონ და გაყიდონ, საიდანაც არ უნდა იყოს იგი იმპორტირებული. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანურ/შრომით რესურსებზე. მნიშვნელოვანია, რომ ცუდი ხარისხის ვაშლის დიდი ოდენობით არსებობის შემთხვევაში ბაზარზე ხალხს ტენდენცია აქვს იფიქროს – ვაშლი არ იშოვება, რაც იმის ტოლფასია, რომ უმუშევრობის ნაცვლად სწორედ სამუშაო ძალის დეფიციტზე ვისაუბროთ და არა უმუშევრობაზე. ამის საწინააღმდეგო იქნებოდა – ანუ უმუშევრობის შესაბამისი – თუ კარგი ვაშლი ბევრია და მყიდველი არ არის.

ყველაზე მეტად საინტერესოა, თუ რატომაა ჩვენი შრომითი რესურსები დაბალი ხარისხის. პირველი, რაც უნდა ითქვას, ისაა, რომ ხარისხი შეფასებითი კრიტერიუმია და ცხადია, ამაზე ყველას საკუთარი შეხედულება გვაქვს. ამიტომ უპრიანი იქნება უფრო სწორი სახელი დავარქვათ – ჩვენი შრომითი რესურსები არაკონკურენტუნარიანია. ეს მოგვეხმარება უფრო კარგად გავერკვეთ რეალურ სიტუაციაში და სწორი ორიენტირი გვქონდეს როგორ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა. დიახ, ჩვენი შრომითი რესურსი არაკონკურენტუნარიანია და ამას არაერთი მიზეზი გააჩნია.

ბევრ ადამიანს აქვს მიდრეკილება, საბჭოთა განათლება წარმატებულად გაასაღოს და გვიმტკიცოს, რომ ჩვენ საკმაოდ განათლებული შრომითი რესურსები გვყავს, უბრალოდ მთავრობა სცოდავს და არ ასაქმებს მათ. ვფიქრობ, მთავრობის ცოდვად პოსტკომუნისტურ საქართველოში, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ მან დააგვიანა ბაზრების ლიბერალიზაცია. ასევე პრივატიზაცია, რათა არსებულ შრომით რესურსებს საშუალება ჰქონოდათ სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილებები საკუთარი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გასაუმჯობესებლად. ალბათ მეტი შრომა იყო საჭირო ბაზრების გასახსნელად.

როგორი საოცარიც უნდა იყოს, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და უმუშევრობის მიზეზი საქართველოში სწორედ საბჭოთა წარსულშია, ამის მიზეზებად შეიძლება დასახელდეს:

1. შრომის ვალდებულება – საბჭოთა კავშირში შრომა სავალდებულო იყო, ყველა მუშაობდა მისი საქმიანობის ხარისხის მიუხედავად;

2. მსოფლიო ბაზრისათვის შეუსაბამო კვალიფიკაცია – საბჭოთა მოქალაქეებს შესაძლებელია კროსვორდების ამოხსნა კარგად ეხერხებოდათ, მაგრამ კონკრეტული საქმის კეთება – ნაკლებად, შესაბამისად, მათი კონკურენტუნარიანობაც დაბალი იყო და არის;

3. შეზღუდული ვაჭრობა – საქართველოს, საბჭოთა კავშირის დასრულებისათვის, არ ჰქონდა პირდაპირი ვაჭრობა უცხოეთთან, მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთანაც – ისეთ მნიშვნელოვან სექტორებშიც კი, როგორც ხორბალი და საწვავია, საბჭოთა საწარმოების უმეტესობა ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქციას უშვებდა, რომელიც მსოფლიო ბაზარს ხარისხით ჩამოუვარდებოდა. შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთანავე ეს საწარმოები ჯართად იქცა და დაიხურა.

4. შრომის გლობალურ განაწილებაში დიდი ხნით არმონაწილეობა – მის გარეშე შეუძლებელი იყო მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილის მონახვა;

5. მსოფლიო პროცესებში მონაწილეობის გამოუცდელობა – ბაზრების გახსნა რთული პროცესია;

6. არასწორად მიმართული საგანმანათლებლო სისტემა – მიდგომამ – რაც მეტი ინფორმაცია, მით უკეთესი – განათლებას გამოაცალა მისი პრაქტიკული მნიშვნელობა;.

7. შრომის ფასები არ გამოხატავდა არც მის ხარისხს და არც რეალურ დანახარჯებს – ეს ბაზარზე სერიოზულ მენეჯერულ შეცდომებს იწვევდა;

8. შრომითი რესურსების მოუქნელი გამოყენება ზრდიდა შრომით დანახარჯებს;

9. დანახარჯებზე დაბალი შრომის მწარმოებლურობა;

10. დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკის უქონლობა – ყველა ვითარდებოდა, ხოლო ჩვენ უკან მივდიოდით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ჩამოთვლილი (არ მაქვს ილუზია, რომ მხოლოდ ეს პრობლემები არსებობდა) სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიშნავს, რომ ჩვენი კვალიფიკაცია არ შეესაბამება მსოფლიო ბაზრისას და, ამას გარდა, საკუთარი ადგილის მოძებნაა საჭირო მსოფლიო შრომის განაწილებაში. განვიხილოთ მაგალითი: ზოგჯერ, ჩვენი ფეხბურთელები არცთუ ისე უხარისხო თამაშს აჩვენებდნენ ევროპულ თუ მსოფლიო ასპარეზზე. მიუხედავად ამისა, მათი პროფესიონალიზმი ყოველთვის საკმაოდ საეჭვო იყო – როგორ მოახერხებდნენ ისინი საერთაშორისო კომერციულ გარემოში მოქმედებას. ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ეს ადვილად ვერ მოხერხდა და უკვე 20 წელია, ამ სფეროში, სადაც ჩვენი სტანდარტები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვებში, ჩვენი წარმატება ნაკლებალბათურია კონკურენტუნარიანი ბიზნესპროცესის შექმნის გარეშე. სამაგიეროდ,ესტონეთმა, რომელსაც ჩვენი გაგებით არანაირი საფეხბურთო ტრადიცია არ აქვს, და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, ჩვენთან შედარებით გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. ჩვენ კი ისევ „ბურთი მრგვალია” და „ჯიგრულად თამაშის” იმედით ვცდილობთ ამ ექსპორტის პოტენციალის მქონე მიმართულების ბიზნესად ქცევას.

ტენდენცია, რომ სხვა სფეროებისა და ინდუსტრიებისათვის იგივე მიდგომები გამოვიყენოთ, დიდ წარმატებას არ გვპირდება. ნებისმიერი ინდუსტრიის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ მისი ნაყოფი მოთხოვნადია ბაზარზე, ხარისხის და ფასის თვალსაზრისით. მეორე მაგალითი აგრარული სექტორიდან ავიღოთ: ნებისმიერი ინვესტიცია და ახალი ტექნოლოგიები ამ სექტორში წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, თუ მისი შედეგი – პროდუქტი – ყოველგვარი სუბსიდიისა და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე გაიყიდება. თუ პროდუქტის ხარისხი დაბალია და მასზე გაწეული დანახარჯი დიდი, მაშინ ასეთი პროდუქტი ჩაწვება და საქმიანობა წამგებიანი გახდება. ამ პროდუქციის ხელოვნურად გასაღება შექმნის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას, როდესაც საბაზრო მოთხოვნა პოლიტიკური მოთხოვნით ჩანაცვლდება, რასაც დასასრული არ ექნება.

ქალაქის ინდუსტრიებში რომ გადავინაცვლოთ, ახალი ქარხნებისა და ფაბრიკების გახსნა სხვა პირობებთან ერთად სწორედ მაღალხარისხიან და დისციპლინირებულ შრომით რესურსებს მოითხოვს, სხვა შემთხვევაში, მენეჯერული გადაწყვეტილებები ყოველწუთიერ კოშმარად იქცევა. ჩვენი შრომითი რესურსების მითიური სიიაფე ეჯახება ხარისხობრივ მაჩვენებელს: ცუდ ვაშლზე პირველ რიგში არ იტყვიან იაფიაო, არამედ უვარგისიაო, და პირიქით. შესაბამისად, ძნელია ადამიანებს დააძალო, ფული ცუდ ვაშლში გადაიხადონ, უფრო გაუგებარი იქნება თუ მათ იძულებით წაართმევ ამ ფულს და ამ ცუდ ვაშლს მაინც იყიდი, შემდეგ დღეს კარგ ვაშლს აღარავინ გამოიტანს გასაყიდად.

ჩვენს ექსპერტებს რომ ჰკითხოთ, საქართველო ძალიან ღარიბია და ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ინვესტირება. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ სახელმწიფოს თავისი ფული არ აქვს – ეს ის ფულია, რომელიც ჩვენ უნდა გამოგვართვას. ამის ნაცვლად, თუ საქართველოში რაიმე ნამდვილი კონკურენტუნარიანი ინდუსტრია არსებობს, შეგვეძლო მასში საკუთარი ინტერესით, რისკითა და შედეგებით ჩაგვედო. ის, ვინც ადვოკატობას უწევს სახელმწიფოს აქტიურ თანამონაწილეობას ინდუსტრიაში, მას გადასახადებისა და ვალების გაზრდისკენ, ჩვენი რესურსების გაფლანგვისა და მოპარვისაკენ უბიძგებს. საქართველო ორივე შემთხვევაში ღარიბია, და უფრო მეტი ტენდენცია ექნება სიღარიბისაკენ – თუ ბიზნესს, მისი დოვლათის ერთადერთ შემქმნელს, მთავრობა მეტ ფულს გამოართმევს.

ძველი კონკურენტების გვერდით დღეს მსოფლიოს ასპარეზზე ისეთი გიგანტები გამოჩნდნენ, როგორც ჩინეთი, ინდოეთი და სხვა აზიური ქვეყნებია. ძალიან გაუჭირდება ადამიანს ევროპასა და ამერიკაში იქაური შეკერილი ტანსაცმლისა და თუნდაც მაღალტექნოლოგიური ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა. ფაქტია, რომ დაბალ და საშუალო ხარისხის ინდუსტრიებშიც სერიოზული კონკურენციაა – „აზიური ვეფხვები” არა მხოლოდ დაბალხელფასიანი შრომითი ძალით გამოირჩევიან, არამედ დიდი მასშტაბებით, რაც მათ სერიოზულ უპირატესობას აძლევს სწორედ ამ სექტორებში. ალბათ ყველა ხვდება, რომ ძალიან ძნელია იმ სექტორებში მოხვედრა, სადაც ჩინეთი და ინდოეთი უკვე არიან, რადგან მათი წარმოების დანახარჯების დონესთან ან მასშტაბთან კონკურენცია ძნელია. თუმცა შედარებით ადვილი იქნებოდა ვიეტნამთან, კამბოჯასთან და ბანგლადეშთან პაექრობა. ან უკანასკნელთ, ჩვენი მკითხველის გასაკვირად, საკმაო წარმატება აქვთ წარმოებით სფეროში.

მთავარი საშუალება მსოფლიო ბაზარზე მოსახვედრად მაინც სხვა არის – დაუღალავი შრომა საკუთარი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ამაში მთავრობას არ შეუძლია რაიმე სერიოზული წვლილის შეტანა, მით უმეტეს, ჩვენი საკუთარი სურვილის გარეშე. სახელმწიფომ შესაძლებელია, პირიქით, კიდევ ახალი შეცდომები დაგვაშვებინოს და შემდგომში ისევ მას დაბრალდეს ბაზრის მოთხოვნას აცდენილი ცოდნის გამოუყენებლობა – უმუშევრობა.

საქართველოში სრული დასაქმება შეუძლებელია, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში – საბჭოთა კავშირის მსგავსად, დღეს სრული დასაქმება მხოლოდ ჩრდილო კორეაშია დარჩენილი. ხოლო უმუშევრობის ბუნებრივ დონეს რომ მივაღწიოთ, საჭიროა, ვიგრძნოთ კონკურენცია, დავიჯეროთ, რომ ჩვენი დასაქმება ჩვენს უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული, გავათავისუფლოთ განათლება პოლიტიკისაგან, მივაღწიოთ მსოფლიო ბაზრების გახსნას, კიდევ მეტად გავზარდოთ კონკურენცია შრომის ბაზარზე. 

დაბოლოს, ტრადიციულად, კითხვით დავამთავრებ: თუ ჩვენი შრომითი რესურსი ხარისხიანია, რატომ უნდა გვეშინოდეს კონკურენციის? 

კომენტარები