არჩევნები 2020

გახარია: ლორთქიფანიძე რამდენიმე თვეში შეუდგება მოსამართლეობას, მანამდე გუნდში იმუშავებს

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენას ეხმაურება. გახარიას თქმით, ლორთქიფანიძე მოსამართლის მოვალეობის შესრულებას რამდენიმე თვეში შეუდგება, მანამდე კი გუნდში გააგრძელებს საქმიანობას.

"ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას". – წერს გახარია. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარადგინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

გოჩა ლორთქიფანიძე გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად 18 დეკემბერს წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი მინისტრი იცვლება.

კომენტარები