ფსიქიატრია

თამაში, როგორც აშლილობა: კაზინო და თანამედროვე ფსიქიატრია

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - პათოგენეზი, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

მსოფლიოში ფსიქიატრიის წამყვანი სახელმძღვანელო, "კაპლანის და სადოქსის ფსიქიატრიის სინოფსისის” ბოლო, მეთერთმეტე გამოცემა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას განმარტავს, როგორც უწყვეტ და განმეორებით მალადაპტაციურ თამაშს, რომელიც იწვევს ეკონომიკურ პრობლემებსა და მნიშვნელოვან დარღვებს ინდივიდის პირად, სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებაში. 

მალადაპტაციურ ქცევაში სახელმძღვანელო გულისხმობს: 

  •  ფულის მზარდი ოდენობით თამაშის საჭიროება 
  •  თამაშის შეწყვეტის განმეორებითი და წარუმატებელი მცდელობები 
  •  თამაში, როგორც პრობლემებისგან გაქცევის გზა 
  •  თამაში დანაკარგების კომპენსირებისთვის 
  •  ტყუილი აზარტულ თამაშებში ჩართულობის მასშტაბის დასამალად 
  •  არალეგალური ქმედებების ჩადენა თამაშის დასაფინანსებლად 
  •  პირადი და პროფესიული ურთიერთობების საფრთხეში ჩაგდება თამაშის გამო 
  •  სხვების ფინანსებზე დაყრდნობა ვალების დასაფარად. 

 

დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM) ძველ გამოცემაში პათოლოგიური თამაში განიმარტებოდა, როგორც აკვიატება (ქცევა, რომელიც მოტივირებულია შფოთვის შემსუბუქების საჭიროებით, ვიდრე მძაფრი სიამოვნებისკენ ლტოლვით). 80-იან წლებში, დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს განახლებისას, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ოფიციალურად შეცვალა პათოლოგიური თამაშის კლასიფიკაცია და განმარტა ის, როგორც იმპულსის-კონტროლის აშლილობა (დარღვევათა ჯგუფი, რომელშიც შედის კლეპტომანია, პირომანია, ტრიქოტილომანია). 

საბოლოოდ, 2013 წლის განახლებაში პათოლოგიური გემბლინგი დამოკიდებულებების თავში შეიტანეს. ამ განახლებას საფუძვლად ედო ახალაღმოჩენილი მსგავსებები, რომლებიც არსებობს ნივთიერებებზე დამოკიდებულებასა და ლუდომანიას შორის - მზარდი რაოდენობით თანხით თამაშის საჭიროება (ტოლერანტობის ჩამოყალიბება) გაღიზიანებულობისა და მოუსვენრობის მდგომარეობა, როდესაც პაციენტი თამაშის შეწყვეტას ცდილობს (მოხსნის სინდრომი). ამრიგად, 2013 წლიდან, DSM-5-ში ლუდომანიამ დამოკიდებულებების სექციაში გადაინაცვლა. 

მსოფლიოში ზოგადი პოპულაციის 1-5% პრობლემური მოთამაშეა, ხოლო 1%-ში შეიძლება დავსვათ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დიაგნოზი. პრობლემური თამაში, ჩვეულებრივ, უფრო გავრცელებულია კაცებში და მოზარდებში, ვიდრე ქალებსა და ზრდასრულებში, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, აღინიშნება ქალი და ასაკოვანი მოთამაშეების ზრდის ტენდენცია. დღეს 3 პრობლემური მოთამაშიდან 1 ქალია. აზარტული თამაშების აშლილობის გავრცელება ინდივიდებში, რომლებიც სხვადასხვა ნივთიერებებზე არიან დამოკიდებულები, უფრო მაღალია ზოგად მოსახლეობასთან შედარებით. სხვადასხვა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ნივთიერებებზე დამოკიდებულთა 10-18% პათოლოგიური მოთამაშეა. 

პათოლოგიური თამაშისკენ მიდრეკილებას სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია განაპირობებს. ფსიქოსოციალური ფაქტორებიდან აღსანიშნავია მშობლის სიკვდილი, განქორწინება, არაადეკვატური ოჯახური დისციპლინა, მოზარდობის პერიოდში აზარტულ თამაშებთან ექსპოზიცია და მაღალი ხელმისაწვდომობა, ოჯახის დამოკიდებულება მატერიალურ და ფინანსურ სიმბოლოებთან, ოჯახში დანაზოგის, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პრაქტიკის არარსებობა. 

ფსიქოანალიზი პათოლოგიურ თამაშს წაგების არაცნობიერი სურვილით ხსნის. ზიგმუნდ ფროიდის თანახმად, კომპულსურ მოთამაშეებს აქვთ წაგების არაცნობიერი სურვილი და თამაშობენ, რათა დანაშაულის არაცნობიერი გრძნობა შეამსუბუქონ. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ მოთამაშეები ნარცისები არიან, რომელთა გრანდიოზული ფანტაზიები ყოვლისშემძლეობაზე აფიქრებინებს, რომ მოვლენათა კონტროლი და შედეგების პროგნოზი შეუძლიათ. 

ბოლო წლების განმავლობაში ნეირობიოლოგიაში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ბიოლოგიური კომპონენტი პათოლოგიური თამაშის ჩამოყალიბებაში. კვლევები მიუთითებს, რომ მოთამაშეების სარისკო ქცევებს კონკრეტული ნეირობიოლოგიური მიზეზები აქვს. კერძოდ, ეს თეორიები ყურადღებას ამახვილებს სეროტონინერგული და ნორადრენერგული რეცეპტორული სისტემების როლზე. მამაკაც პათოლოგიურ მოთამაშეებს შესაძლოა, ჰქონდეთ პლაზმაში ნორმალურზე დაბალი 3-მეთოქსი-4-ჰიდროქსიფენილ გლიკოლის (MHPG) კონცენტრაცია და  MHPG-ის გაზრდილი კონცენტრაცია თავზურგტვინის სითხეში, ასევე შარდში ნორეპინეფრინის გამოყოფის გაზრდილი რაოდენობა. მტკიცებულებები ასევე მოიცავს სეროტონინის რეგულაციის დისფუნქციას. ქრონიკულ მოთამაშეებს აღენიშნებათ დაბალი მონოამინ ოქსიდაზის (MAO) აქტივობა, რომელიც სეროტონინის აქტივობის მარკერია. 

ნეიროფსიქოლოგიურ ტესტებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებს იმპულსურობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. გერმანიაში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ თამაშის დროს მოთამაშეების ნერწყვში კორტიზოლის მაღალი რაოდენობაა, რამაც შეიძლება ახსნას ეიფორია, რომელიც თამაშის დროს აქვთ.

ახალი კვლევები ასევე მიუთითებს დოპამინის ჯილდოს სისტემის როლზე. როდესაც ჩვენ ვერთვებით რამე აქტივობაში, რომელიც  ჩვენი გენების გადაცემაში გვეხმარება, ნეირონები ჯილდოს სისტემაში გამოყოფენ ნეიროტრანსმიტერ დოპამინს, რომელიც  სიამოვნების ტალღას წარმოქმნის და გვაძლევს მოტივაციას, გავიმეოროთ ქმედება. როდესაც ეს სისტემა სტიმულირებულია, ვთქვათ, ამფეტამინის, კოკაინის ან სხვა ნარკოტიკის მიერ, ჯილდოს სისტემა გამოყოფს 10-ჯერ უფრო მეტ დოპამინს, ვიდრე რომელიმე ბუნებრივი სტიმულის შედეგად.

ასეთი ნარკოტიკების მუდმივი გამოყენების შემდეგ ტვინი უფრო და უფრო მცირე ოდენობით დოპამინს გამოყოფს და ნაკლებად მგრძნობიარე ხდება მისი ეფექტების მიმართ. შედეგად, ყალიბდება ტოლერანტობა, საჭირო ხდება უფრო და უფრო დიდი ოდენობის მოხმარება იმავე ეფექტის მისაღებად. მძიმე დამოკიდებულების დროს ადამიანებს უვითარდებათ მოხსნის სინდრომი - ფიზიკურად ცუდად გრძნობენ თავს, კანკალებენ, ვერ იძინებენ - თუ მათ ტვინში დოპამინის მასტიმულირებელი ნივთიერების დეფიციტია.

აზარტულ თამაშებზე ლუდომანები და ნარკოდამოკიდებულები იზიარებენ გენეტიკურ პრედისპოზიციას იმპულსურობისკენ და ჯილდოს ძიებისკენ. კვლევები აჩვენებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა ნაწილში, ისევე, როგორც ნარკოდამოკიდებულ პაციენტებში, დოპამინის ჯილდოს სისტემა თანდაყოლილად დაბალი აქტივობით გამოირჩევა.

John Hopkins University-ს მიერ 2018 წელს ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებმა ამოიცნეს ტვინის უბანი, რომელიც ყველაზე მეტადაა ჩართული აზარტულ თამაშებთან ასოცირებულ სარისკო ქცევაში. კვლევის ავტორებმა რეზუს მაიმუნებს კომპიუტერთან წყლის მოსაგებად თამაში ასწავლეს. მათ უნდა აერჩიათ ორ ვარიანტს შორის, 10 მილიმეტრი წყლის მიღების 20%-იანი ალბათობა ან მხოლოდ 3 მილიმეტრი წყლის მიღების 80%-იანი ალბათობა. მაიმუნების უმრავლესობა რისკზე მიდიოდა მაშინაც, როცა აღარ სწყუროდა. როდესაც კვლევის ავტორებმა დათრგუნეს მაიმუნების ტვინში რეგიონი, სახელად “თვალების დამატებითი ველი (SEF)”, მაიმუნები 30-40%-ით უფრო იშვიათად ჩამოდიოდნენ სარისკო ფსონს. როგორც ჩანს, ტვინის ეს რეგიონი რისკიანი ქცევის შეფასებაში მონაწილეობს, ვინაიდან ის კავშირშია ჯილდოს სისტემასთან - აკონტროლებს დოპამინის აქტივობას რეგიონში, რომელსაც ბაზალური ბირთვები ეწოდება.

პათოლოგიური მოთამაშეები ხშირად ზედმეტად თავდაჯერებულები, უხეშები, ენერგიულები და მფლანგველები არიან და აღენიშნებათ პიროვნული სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის ნიშნები. თვლიან, რომ ფული არის ერთდროულად ყველა პრობლემის მიზეზი და გადაჭრის გზა. როდესაც თამაშის სიხშირე იზრდება, ისინი იძულებულები ხდებიან მოიტყუონ, რათა ფული მოიპოვონ, რომ გააგრძელონ თამაში  და შენიღბონ თამაშში ჩართულობის ხარისხი. პრობლემური მოთამაშეები ფულის დაზოგვასა და გადანახვას არასდროს ცდილობენ და როდესაც სესხების საშუალება აღარ აქვთ, ერთვებიან ანტისოციალურ ქცევაში ფულის მოსაპოვებლად. კრიმინალური ქცევა, ჩვეულებრივ, არაძალადობრივია, როგორებიცაა თაღლითობა, სხვისი ფულის გაფლანგვა ან დოკუმენტების გაყალბება. გემბლინგის გართულებებია, გაუცხოება ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან, პროფესიული მიღწევების დაკარგვა, სუიციდის მცდელობები და არალეგალური ქცევა. 

პათოლოგიური თამაში  სოციალური თამაშისგან გამოირჩევა იმით, რომ ეს უკანასკნელი მეგობრებთან ერთად ხდება, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და წინასწარ განსაზღვრული მისაღები შესაძლო ზარალით და მოგებით. 

პათოლოგიური გემბლინგი, ჩვეულებრივ, იწყება მოზარდობის ასაკში კაცებში, ზრდასრულობის პერიოდში ქალებში და უხშირესად ქრონიკული ფორმით ვითარდება, რომელშიც ფსიქიატრები ოთხ ფაზას გამოყოფენ:

1) მოგების ფაზა, რომელიც დიდი მოგებით სრულდება, ის საშუალოდ, წლიური ხელფასის ეკვივალენტურია, რაც პაციენტს “წამოაგებს.” 

2) პროგრესული წაგების ფაზა - რომელშიც მოთამაშეები აყალიბებენ თავიანთ ცხოვრებას თამაშის გარშემო და კარგი მოთამაშეებიდან სულელ მოთამაშედ იქცევიან, რომელიც არაგონივრულ რისკებზე მიდის, გადანახულ ფულს იყენებს, სესხულობს, სამსახურს აცდენს და კარგავს. 

3) სასოწარკვეთილების ფაზა - როცა პაციენტი გაშმაგებულად თამაშობს დიდი ფულით, არ იხდის ვალებს და ხშირად იღებს სესხებს. 

4) უიმედობის ფაზა - როდესაც პაციენტი აღიარებს, რომ დანაკარგს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ აგრძელებს თამაშს მასთან ასოცირებული სიამოვნების გამო. დარღვევას 15 წელი შეიძლება დასჭირდეს ამ ბოლო ფაზამდე მისაღწევად. 

მოთამაშეები იშვიათად იწყებენ მკურნალობას საკუთარი ნებით. მკურნალობის დაწყებას ყველაზე ხშირად მათ ლეგალური სირთულეები და ოჯახური წნეხი აიძულებთ. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია ანონიმურ მოთამაშეთა წრეები (რომელიც ლოს ანჯელესში 1957 წელს დაფუძნდა ანონიმურ ალკოჰოლიკთა წრის მოდელის მიხედვით) და ეფექტიანია ზოგიერთ პაციენტში, თუმცა ასეთი წრის დატოვების სიხშირე საკმაოდ მაღალია. 

ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოა ჰოსპიტალიზაცია, რადგან პაციენტს გარემოს მოწყვეტს, რომელიც თამაშისკენ აქეზებს.  თამაშის დანებებიდან 3 თვის შემდეგ ეფექტიანია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ფორმა Insight Psychotherapy. ხშირად ღირებულია ოჯახური თერაპია და ასევე წარმატებულია კოგნიტურ- ბიჰევიორისტული თერაპია (მაგალითად, რელაქსაციის ტექნიკები გემბლინგის თავის არიდების ვიზუალიზაციასთან ერთად).

დღესდღეობით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ფსიქოფარმაკოლოგიას. ეფექტიანი წამლებია ანტიდეპრესანტები, განსაკუთრებით სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები და ბუპროპრიონი, ასევე გუნება-განწყობის სტაბილიზატორები, მაგალითად, მდგრადი გამოთავისუფლების ლითიუმი, ანტიეპილეფსიური აგენტები, როგორებიცაა ტოპირამატი, ატიპიური ანტიფსიქოზურები და ოპიოიდური აგენტები, როგორიცაა ნალტრექსონი.

ზოგიერთი ადამიანისთვის თამაში ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ სხვებისთვის ესაა სახიფათო პროდუქტი, რომელიც აყალიბებს მძიმე დამოკიდებულებას, ასოცირებულია სუიციდის გაზრდილ მაჩვენებელთან, ანტისოციალურ ქცევასთან და გაკოტრებასთან. თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ავლენთ იმ ნიშნებს, რაც ტექსტშია აღწერილი, მიმართეთ ფსიქიატრს, რათა სათანადო მკურნალობის მეთოდით დაგეხმაროთ პრობლემის დაძლევაში.

კომენტარები