კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ვფიქრობდით, ინფიცირებულთა რაოდენობა 8-9 000 იყო, აქტიური ტესტირებით ამდენი არ ვლინდება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდემიოლოგთა შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 8 000-9 000 იყო, თუმცა დაწყებული აქტიური ტესტირების პერიოდში ამდენი პირი არ ვლინდება. 

"ჩვენ მივუახლოვდით იმ მაჩვენებელს, რაც იყო შეფასებული. ანუ ტესტირების შედეგად გვქონდა შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გამოგვევლინა ყველა ინფიცირებული პირი. რეალურად სურათი უჩვენებს, რომ ამდენი პირი არ უნდა იყოს – 8 000-9 000 გარკვეულწილად იყო შეფასებული მაჩვენებელი. მაგრამ ბოლო პერიოდში აქტიური ტესტირების შედეგად ამდენი პირი არ ვლინდება". – ამბობს გაბუნია. 

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, 1 თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ სახელმწიფო გააკეთებს დღეში 20 000-ს ტესტს.

14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 1 337 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 191 063 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 161 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 839 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ ინფიცირების 27 517 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები