არჩევნები 2020

ISFED-ის ხელმძღვანელი: არ გამიკვირდება, რომ ჩემს სატელეფონო ჩანაწერებს უსმენდნენ

ფორმულა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის თქმით, მას არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ჩანაწერებს უსმენდნენ. ნიჟარაძე ასევე საუბრობს ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრაზე, როდესაც მათ ორგანიზაციას პარალელური დათვლის უბნების სიის მიწოდება სთხოვეს. 

"წარმომადგენლები იყვნენ: შალვა პაპუაშვილი, ნიკა სამხარაძე და კიდევ ერთი ადამიანი, მე შემხვდნენ თავისთავად. მათ ჰქონდათ თხოვნა, რომ PVT უბნები მიგვეწოდებინა, რაზეც კატეგორიულად უარი ვუთხარი, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი კონფიდენციალური ინფორმაცია ორგანიზაციაში, რომელსაც არავის არ ვაწვდით.

ახლა რომ აღმოჩნდეს, რომ რაღაცას ისმენდნენ, ჩემს სატელეფონო ჩანაწერებს ან რაღაცას უსმენდნენ, არ გამიკვირდება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს სტანდარტულ მოვლენად იქცა, სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება და მოსმენები". – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების მიერ 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული PVT-ს შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები