ახალი კორონავირუსის ვაქცინა

აშშ-ში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს

AN

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს

აშშ-ს საკვების და წამლის ადმინისტრაციაში (FDA) განაცხადეს, რომ ავტორიზაცია პანდემიაში "მნიშვნელოვანი ეტაპია".

FDA-ს მიაჩნია, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. 

სააგენტოში განაცხადეს, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გაკეთება 16 წლის და უფროს პირებს შეუძლიათ.

ელიან, რომ ამ თვეში თავდაპირველად ვაქცინის 2.9 მილიონ დოზას მედიცინის მუშაკებს და ასაკოვან ადამიანებს გაუკეთებენ. 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 24 საათზე ნაკლებ დროში აშშ-ში ვაქცინით პირველი ადამიანი აიცრება.

BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორის, უგურ საჰირის თქმით, ვაქცინა "აშშ-ში ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს და შესაძლოა ნორმალური ცხოვრების დაბრუნება დაჩქარდეს".

აშშ-ს მთავრობა გეგმავს, რომ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში ვაქცინაცია დააჩქაროს, განსაკუთრებით, თუ, მეორე Moderna-ს ვაქცინასაც მალე დაამტკიცებენ. 

11 დეკემბერს აშშ-ს საკვების და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის და BionTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების რეკომენდაცია გასცა

ვაქცინის გამოცდის კვლევების თანახმად, Pfizer-ის და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია.

Pfizer-მა და BionTech-მა ვაქცინაზე მუშაობა 11 თვის წინ დაიწყეს და სიჩქარის ყველა რეკორდი მოხსნეს. ვაქცინების განვითარებას, ჩვეულებრივ, წლები სჭირდება. Pfizer-ის ვაქცინა უკვე მიიღეს ბრიტანეთის და ბაჰრეინის მოქალაქეებმა, სადაც მისი ავტორიზაცია 2 დეკემბერს მოხდა. კანადამ ის ოთხშაბათს დაამტკიცა. 

მომდევნო კვირაში მოსალოდნელია, რომ  Pfizer-ის ავტორიზაციას Moderna-ს ვაქცინის დამტკიცება მოჰყვეს, რომელიც მსგავს ტექნოლოგიას იყენებს და კლინიკურ კვლევებში ამის მსგავსად დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. 

კომენტარები