არჩევნები 2020

მელია რესპუბლიკელებზე: ეს ხელს არ უწყობს ნდობის გაღრმავებას პარტნიორებს შორის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია რესპუბლიკური პარტიის განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას ფარგლებში იღებდა მონაწილეობას. მელიას თქმით, რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს პარტნიორებს შორის ნდობის გამყარებას.

"რესპუბლიკურმა პარტიამ ასეთი საკომუნიკაციო არხი არჩია საზოგადოებასთან. ჩვენ, ბლოკმა ძალა ერთობაშია მივიღეთ სხვა გადაწყვეტილება. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაევრცელებინათ ეს განცხადება, სადაც ნათლად ჩანს, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. უბრალოდ, მათ უნდა განმარტონ, რაც ბუნდოვანია, ნამდვილად თუ 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები, ან თუნდაც 2 თვის განმავლობაში, ისინი აპირებენ დეპუტატები იყვნენ?

იქ წერია, რომ მიმართავენ შესაბამის უწყებას განცხადებით მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პროცესი დასრულდება. მე მაქვს კითხვა და შესაძლებლობა როდესაც მექნება, ამ კითხვას დავუსვამ. ძალა ერთობაშია – გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე რესპუბლიკურმა პარტიამ, ბუნებრივია, ეს ხელს არ უწყობს ნდობის გაღრმავებას პარტნიორებს შორის და ამაზე საუბარი შესაბამის ფორმატში გვექნება". – თქვა ნიკა მელიამ.

რესპუბლიკურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკთან ერთად აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში, მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ფასილიტატორების მონაწილეობით ოფიციალურად დასრულდება. რესპუბლიკურ პარტიას ბლოკის ფარგლებში ორი მანდატი აქვს. მანდატები მიიღეს ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ.

განცხადებას გამოეხმაურა ენმ – ძალა ერთობაშიას​ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილის თქმით, პარტიამ მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გზა აირჩია.

საქართველოს ისტორიაში პირველად, 11 დეკემბერს პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კომენტარები