არჩევნები 2020

ხაბეიშვილი: სამწუხაროდ, რესპუბლიკელებმა ელისაშვილის გზა აირჩიეს

ენმ – ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას ფარგლებში იღებდა მონაწილეობას. ხაბეიშვილის თქმით, პარტიამ მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გზა აირჩია.

"ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, პოლიტიკურმა პარტიამ, რესპუბლიკელებმა, სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა.

მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ადამიანების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა არ არის კარგი საქმე, ანუ მოლაპარაკებების გაგრძელება-არ გაგრძელებასთან, საპარლამენტო მანდატი არაფერ შუაში არ არის. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ გაგრძელდება". – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

რესპუბლიკურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკთან ერთად აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში, მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ფასილიტატორების მონაწილეობით ოფიციალურად დასრულდება. 

რესპუბლიკურ პარტიას ბლოკის ფარგლებში ორი მანდატი აქვს. მანდატები მიიღეს ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ.

საქართველოს ისტორიაში პირველად, 11 დეკემბერს პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციური პარტიები მემორანდუმს მოაწერენ ხელს.  

კომენტარები