COVID-19-ის ვაქცინა

არაბთა გაერთიანებული საამიროების კვლევის შედეგებით, ჩინური ვაქცინა 86%-ით ეფექტიანია

Reuters

არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფის (Sinopharm) მიერ შემუშავებული ვაქცინა 86%-ით ეფექტიანია. უწყება კლინიკური კვლევების შუალედურ ანალიზს ეყრდნობა.

ჯერჯერობით, არც არაბთა გაერთიანებულ საამიროების და არც Sinopharm-ს კვლევებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.

ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ივლისში დაიწყო. სექტემბერში ვაქცინის გამოყენება კონკრეტული ჯგუფებისთვის ნებადართული გახდა. ეს ჩინეთში შემუშავებული ვაქცინის დამტკიცების პირველი შემთხვევა იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვაქცინის ადმინისტრირების შედეგად ანტისხეულების გამომუშავების მაჩვენებელი 99%-ია და ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია ავადმყოფობის რთული და საშუალო შემთხვევების პრევენციაში. უწყების თქმით, კვლევაში 31 000 მოხალისე მონაწილეობდა და ვაქცინა ოფიციალურად დარეგისტრირდა.

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, გამოუვლინდათ თუ არა კვლევაში მონაწილე მოხალისეებს რაიმე სახის გვერდითი ეფექტები. ასევე, არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენმა მოხალისემ მიიღო ვაქცინა და რამდენმა - პლაცებო.

Sinopharm-ის ვაქცინის კლინიკური კვლევები ეგვიპტეში, იორდანიასა და ბაჰრეინშიც მიმდინარეობს. ის ჩინეთში შემუშავებული ვაქცინებს შორის ერთერთი მოწინავე კანდიდატია და ჩინეთში, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანის ასაცრელად გამოიყენეს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო მოხალისეთა მოძიება კორონავირუსის რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.

პანდემიის დაწყების შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის 180 150 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 598 ადამიანი.

კომენტარები