ისრაელი

გიდეონ საარმა ლიკუდი და პარლამენტი დატოვა და ახალ პარტიას შექმნის

ბენიამინ ნეთანიაჰუ და გიდეონ საარი

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიკუდის პარტიაში მთავარმა კონკურენტმა გიდეონ საარმა თქვა, რომ პარლამენტს დატოვებს და ახალ პარტიას შექმნის.

"მე შევქმნი ახალ მოძრაობას, რომლის მიზანიც ნეთანიაჰუს ჩანაცვლება იქნება". – თქვა მან.

საარი ლიკუდის თავმჯდომარის პოსტზე გასული წლის დეკემბერში გამართულ პრეიმერში მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა დამარცხდა.

საარი კიდევ უფრო რადიკალური პოზიციებით გამოირჩევა, ვიდრე ნეთანაიჰუ. მაგალითისათვის, ის მხარს უჭერს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების ანექსიას, რომლის შეჩერების სანაცვლოდ, ნეთანიაჰუმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან ურთიერთობების ნორმალიზაციას მიაღწია.

ლიკუდში საარის გასვლამ შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ისრაელში ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში საარის პარტია მათი ხმების ნაწილს მოიპოვებს. 

ჯერჯერობით, უცნობია ჩატარდება თუ არა ისრაელში კიდევ ერთი არჩევნები 2021 წელს, თუმცა ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიცია დაშლის საფრთხის წინაშეა. თუ არჩევნები დაინიშნა, ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება ისრაელში.

ნეთანიაჰუს კოალიციის პარტნიორმა, თავდაცვის მინისტრმა, ბენი განმცა გასულ კვირას პარლამენტში მხარი დაუჭირა ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტის დაშლის თაობაზე. მას მიაჩნია, რომ ნეთანიაჰუ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ისრაელის მოქალაქეებზე წინ აყენებს მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს.

განცის თქმით, ერთადერთი გზა, რომელიც ნეთანიაჰუს კიდევ ერთ არჩევნებს აარიდებს თავიდან, 2021 წლის ბიუჯეტზე დათანხმებაა. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ნეთანიაჰუ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე უარს ამბობს, რათა მთავრობა დაიშალოს მანამ, სანამ მას პოსტის გადაცემა განცისათვის მოუწევს.

განცისა და ნეთანიაჰუს პარტიებს შორის შეთანხმების მიხედვით, განცი იკავებს ალტერნატიული პრემიერმინისტრის თანამდებობაც. ეს ახალი პოზიცია სპეციალურად შეთანხმებისთვის შეიქმნა და 18 თვის შემდეგ, როდესაც პრემიერმინისტრი განცი გახდება, მას ნეთანიაჰუ დაიკავებს.

2018 წლის დეკემბრის შემდეგ 2020 წლის მაისამდე ისრაელს სტაბილური მთავრობა არ ჰყავდა. ქვეყანაში სამი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. თავდაპირველად, ბენი განცი ნეთანიაჰუსთან ერთად მთავრობის შექმნაზე უამბობდა და მიზეზად სწორედ კორუფციის ბრალდებებს ასახელებდა. საბოლოოდ კი, მან თქვა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებელია, შეიქმნას მთავრობა, რომელიც საგანგებო სიტუაციისას ქვეყანას მართავს.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

ქრთამის ნაწილში ნეთანიაჰუს დახმარების გაწევის სანაცვლოდ ბიზნესმენებისაგან საჩუქრების - ძირითადად, სიგარებისა და შამპანურის მიღებაში ადანაშაულებენ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ნაწილში ნეთანიაჰუს ბრალი ედება გაზეთ Yediot Ahronot-ისთვის ხელის შეწყობის შეთავაზებაში, მათგან პოზიტიურად გაშუქების სანაცვლოდ. ასევე, თაღლითობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაწილში, მას ბრალად ედება პრემიერმინისტრისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბიზნესმენ შაულ ელოვიჩის კომპანიების სასარგებლო რეგულაციების მიღებაში, ელოვიჩის ახალი ამბების სააგენტოსაგან პოზიციტურად გაშუქების სანაცვლოდ.

სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა, პოსტი დატოვოს. ნეთანიაჰუს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავედ ცნეს, ნეთანიაჰუ ვალდებული არ იქნება, პოსტი დატოვოს, სანამ განაჩენს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, რასაც შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს.

კომენტარები