არჩევნები 2020

თალაკვაძე მოლაპარაკებების III რაუნდზე: პოზიციები დაახლოვდა, ხელახალ არჩევნებს არ განვიხილავთ

რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს, 7 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრებს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ემსახურებოდა. 

"დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, ეს ნამდვილად ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციისა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება". – ამბობს თალაკვაძე. 

მისივე თქმით, მოლაპარაკების წევრებმა დადეს პირობა, რომ დეტალებზე შეთანხმების დასრულებამდე არ ისაუბრებდნენ, თუმცა, როგორც თალაკვაძე განმარტავს, განმეორებით არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს ქართული ოცნება არ განიხილავს. 

"განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ და ეს არ შეიცვლება. ამას ქართული ოცნება არ განიხილავს და რა თქმა უნდა, ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა საკუთარი არჩევანი და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 

ჩვენ გვაქვს პირობა დადებული, რომ უფრო მეტ დეტალებზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ვისაუბრებთ, სანამ შეთანხმება შედგება". – ამბობს თალაკვაძე. 

დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა. როგორც ოპოზიციური ლიდერები აქამდე ამბობდნენ, "ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა" და მოლაპარაკებების ამ რაუნდზე სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ შემხვედრი წინადადებით. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები