აზერბაიჯანი: მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 2 783 აზერბაიჯანელი სამხედრო

აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპული სამხედროების შესახებ განცხადება გააკეთეს. 27 სექტემბერს, კონფლიქტის განახლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანმა ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა დაღუპული და დაკარგული სამხედროების შესახებ.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, დაიღუპა 2 783 ჯარისკაცი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 100-ზე მეტი სამხედრო.

კონფლიქტის მიმდინარეობისას დაღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა სომხეთი და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო მთავრობა. სომხეთის ინფორმაციით, კონფლიქტს მათ მხარეს 2 425 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაცია ქვეყნდებოდა დაბომბვისა და საარტილერიო თავდასხმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. აზერბაიჯანის მიხედვით, მათ მხარეს დაიღუპა 93 მშვიდობიანი მოქალაქე, სომხეთმა კი ინფორმაცია გაავრცელა 54 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის თაობაზე.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები