არჩევნები 2020

პარლამენტთან და შსს-სთან ბათუმის აქციაზე დაკავებულების სოლიდარობის აქცია გაიმართა

ფორმულა

თბილისში პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან ბათუმში ოპოზიციისა და მოქალაქეების მიერ გამართულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, ბათუმში დაკავებული აქტივისტების სოლიდარობის ნიშნად, უწყებებთან ბუშტები გაუშვეს. 

"ეს პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ აქ მოვედით ბათუმის აქციის სოლიდარობის ნიშნად, სადაც დაარბიეს, უკანონოდ დააკავეს დემონსტრანტები, ადამიანები, რომლებიც თავიანთი აზრის მშვიდობიანად და სამართლიანად გამოხატვას აპირებდნენ. ჩვენ სოლიდარობის ნიშნად მოვედით, რათა გავუშვათ ბუშტები". – თქვა პარლამენტთან აქციის მონაწილემ.

აქცია-პერფორმანსის მონაწილეების თქმით, შეუძლებელია, ხელისუფლებამ მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები შეზღუდოს.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლება შეეცადა აეკრძალა ბუშტების გაშვება ადამიანებისთვის, ამის გამო დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ამით ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ შეუძლებელია, ფუნდამენტური უფლებები შეზღუდო. როდესაც არ გააშვებინებ ბუშტს, უფრო მეტი ადამიანი მოვა, უფრო მეტ ადგილას". – ამბობს შსს-სთან აქციის მონაწილე. 

გუშინ, 2 დეკემბერს, ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე მომიტინგეებმა ბოძზე ბუშტები დაამაგრეს სხვადასხვა წარწერით. პოლიციამ ბუშტები იმწუთასვე ჩამოხსნა და დახეთქა, რამაც მცირე დაპირისპირება გამოიწვია პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის. პირველ დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, "დაპირისპირება დაიწყო იმით, რომ აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობას მიამაგრეს ბურთები".

ბათუმში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები უკვე არაერთი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. ისინი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ისინი ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც.

კომენტარები