კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 2 ადამიანი – მათ სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს, კომპანიაში შევიდნენ და გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში 19 სექტემბერს კომპანია მისო ინტელექსპრესის გაქურდვისთვის წარსულში ნასამართლევი 2 ადამიანი - 1984 წელს დაბადებული გ.მ. და 1966 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, მათ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს, საცავ ოთახში შევიდნენ, ლითონის საცავის კარი გაჭრეს და ოქროს ნივთები და თანხა მოიპარეს. 

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. ს.ჯ. კი დაკავებულ იქნა ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე". – წერია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩრეკისას ოქროს ნივთები და მოპარული ფულის ნაწილი ამოიღეს, ს.ჯ.-ს ჩხრეკისას კი 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ჰეროინი, ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი და დანაშაულის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები. 

გ.მ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ს.ჯ.-ს მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები