ნიკა მელიას საქმე

მელია: სასამართლო პროცესების ჩანიშვნით ოცნებას მოლაპარაკებებში პოზიციების გაძლიერება სურს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში მასთან დაკავშირებული 20 ივნისის საქმის განახლებასა და სასამართლო პროცესის 15 დეკემბერს ჩანიშვნაზე ისაუბრა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ განახლდა ნიკა გვარამიასა და გიგი უგულავას საქმეები და მათი პროცესები 7 დეკემბერსა და 10 დეკემბერს ჩაინიშნა.

"რა თქმა უნდა, ეს სინქრონულად მოხდა, ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ განაახლონ რაღაც შეთითხნილი და შეკერილი საქმეები, მაგრამ ძალიან სერიოზული შეცდომაა დაშვებული ივანიშვილის მხრიდან, ჯერ ერთი იმ ფიგურანტებს, ვისაც ეს სასამართლო პროცესები ეხებათ დაჭერის, დაკავებების, ტყვეობაში აყვანის არავის ეშინია, მე უფრო ის მიკვირს, აქამდე რატომ ვერ მიხვდა ბიძინა ივანიშვილი. როგორ შეიძლება რომელიმე ოპოზიციური პარტია, ოპოზიციური მოძრაობა შეაჩერო იმით, რომ მისი რომელიმე ლიდერი ან მედია მენეჯერი ნიკა გვარამიას სახით დააკავო და მერე რა? აღარ იქნება პროტესტი? შემთხვევით პირიქით ხო არ იქნება?". – თქვა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, სასამართლო პროცესების ჩანიშვნა ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციასთან ვაჭრობისთვის და მოლაპარაკებების დროს საკუთარი პოზიციების გაძლიერებისთვის უნდა.

"რა თქმა უნდა, ეს არის ტყვეობით ვაჭრობის პროცესის გახსნა. მისთვის აპრობირებული სტილი და მეთოდია, იმიტომ რომ ხელისუფლებამ, რეჟიმმა, დღეის მდგომარეობით, არაფერი მოიტანა, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას ან ნაწილს მაინც აფიქრებინებდა, რომ მოდით, ხო არ გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას და ხო არ ვიფიქროთ და ახლა გაიხსნა ეს პროცესი, სასამართლოს ვგულისხმობ, აქაც არ უნდა დავუშვათ შეცდომა, რადგან ეს არ არის სასამართლო. მათ ამით სურთ, გაიძლიერონ პოზიციები მოლაპარაკებებისას". – თქვა ნიკა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

ამ საქმეზე ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. 

1 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. ამის საპასუხოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მელიას გირაოს თანხა 70 000 ლარამდე გაუზარდა და პროკურორის თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთა აუკრძალა.

კომენტარები