CNN: კორონავირუსის გავრცელების პირველ თვეებში ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავდა

CNN წერს, რომ ანონიმურმა წყარომ დოკუმენტები მიაწოდა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების პირველ თვეებში ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავდა. ექსკლუზიური მასალა   ჩინეთის ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ 117- გვერდიან დოკუმენტს ეყრდნობა. დოკუმენტი ჰუბეის პროვინციის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ არის შედგენილი. სწორედ ამ პროვინციის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს პირველად Covid-19-ის ინფექცია.

დოკუმენტი ჩინეთის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლების შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და მითითებულია, რომ მასში მოცემული ინფორმაცია კონფიდენციალურია. მასში მოცემული მონაცემების მიხედვით, ახალი ვირუსის გამოჩენის პირველ თვეებში ჩინეთი მისი გავრცელების მასშტაბს და ინფიცირებულთა რაოდენობას მალავდა.

მაგალითისათვის, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 10 თებერვალს ჰუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით დაავადების 5 918 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული, საჯაროდ კი მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მიზეზი ის კატეგორიებია, რომელიც პირველ თვეებში შემოიღეს და რეალური მაჩვენებლების შემსუბუქებას ემსახურებოდა. 10 დეკემბერს გამოვლენილი რეალური 5 918 შემთხვევიდან "დადასტურებული შემთხვევის" კატეგორიაში მოხვდა 2 345, "კლინიკურად დადასტურებულის" კატეგორიაში 1 772 და "საეჭვო შემთხვევის" კატეგორიაში 1 796.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პროტოკოლის მიხედვით, ეპიდემიის გავრცელების პირველ თვეებში საეჭვო შემთხვევებში ხვდებოდნენ ის პაციენტები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ვირუსით დაავადებულ პირთან და ამასთანავე მაღალი ტემპერატურა და პნევმონიის სიმპტომები აღენიშნებოდათ. "კლინიკურად დადასტურებულში" კი ხვდებოდნენ ის პაციენტები, რომლებსაც გადაუღეს რენტგენი ან ჩაუტარდათ კომპიუტერული ტომოგრაფია. "დადასტურებულ" შემთხვევებში მხოლოდ ის პირები ხვდებოდნენ, რომელთაც PCR ტესტი ჩაუტარდა და ვირუსი ამგვარად დაუდასტურდათ.

აღსანიშნავია, რომ 10 იანვრით დათარიღებული ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის SARS-ის ვირუსის სატესტო მასალას იყენებდნენ, რის გამოც პასუხების სიზუსტე 30-დან 50%-მდე იყო და რამდენიმე განმეორებით ტესტს საჭიროებდა. ტესტების სიმცირის გამო ვირუსის გამოსავლენად დაიწყეს რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება, თუმცა, როგორც სხვა დოკუმენტებში ჩანს, მსგავსი მეთოდით გამოვლენილი შემთხვევები ოფიციალურ და გასაჯაროებულ მონაცემებში არ ხვდებოდა და მათი დამატება დადასტურებულ შემთხვევებში მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტების მიხედვით, მარტის დასაწყისში სიმპტომების გამოვლენიდან დიაგნოზის დასმამდე საშუალოდ 23.3 დღე გადიოდა, რაც რეაგირებას აფერხებდა.

ჩინეთმა მონაცემების შესწორება მომდევნო თვეებშიც გააგრძელა. მაგალითისათვის, აპრილში გარდაცვლილთა მონაცემების შესწორების შემდეგ რიცხვი 40%-ით გაიზარდა.

განსხვავებები აღმოჩნდა ჩინეთის ვირუსით გარდაცვლილთა მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ რიცხვში და დოკუმენტებში მოცემულ რიცხვებში. 7 მარტით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეპიდემიის დაწყებიდან ახალი კორონავირუსით 3 456 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ოფიციალურად გამოცხადებული რიცხვი 2 986 იყო. მიზეზი კვლავ განსხვავებული კატეგორიები იყო. დოკუმენტებში, საჯარო მონაცემებისგან განსხვავებით, აღრიცხულია 647 გარდაცვლილი, რომელთაც ვირუსი კლინიკურად ჰქონდათ დადასტურებული, 126 კი - საეჭვო შემთხვევის კატეგორიაში შეყვანილი პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ, დოკუმენტების მიხედვით, ჩინეთი რეალურ რიცხვებს პირველივე დღეებიდან მალავდა. ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს ახალი ვირუსის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისათვის 2020 წლის 3 იანვარს გაგზავნილ ანგარიშში ჩინეთი საუბრობდა მხოლოდ 44 შემთხვევაზე, როდესაც პაციენტებს დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული პნევმონია დაუდგინდათ.

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავრცელდა, არაერთი სახელმწიფო და ლიდერი ითხოვს, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება ვირუსის წარმოშობისა და მისი გავრცელების გამოსაკვლევად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოძიებას ისინი ჩაატარებენ, თუმცა მათ მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არაერთხელ დაადანაშაულეს ჩინეთისათვის ვირუსზე ინფორმაციის დამალვის ხელის შეწყობაში. მათ შორის იყო ტაივანიც. მიმდინარე წლის აპრილში ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გაავრცელეს ამონარიდი ელექტრონული ფოსტით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისათვის 2019 წლის 31 დეკემბერს გაგზავნილი წერილიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.

ამავე თემაზე: როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

კომენტარები