ახალი კორონავირუსი საქართველოში

პენიტენციური: ამანათებითა და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობა შეიზღუდა

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულებს 1-ელ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ასევე ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ 28 დეკემბრამდე.

"მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს". – წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცრების 127 942 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 106 328 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 195 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 20 393 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები