ძალადობა

Tbilisi Pride: ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული პოსტერი გაანადგურეს

Tbilisi Pride-ს ცნობით, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული პოსტერი რადიკალური ჯგუფის წევრებმა გაანადგურეს. ბანერი, წარწერით "ჩვენ გვახსოვს", ორგანიზაციამ 20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გააკრა.

"დღეს დილით, გამოგვიგზავნეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანადგურებს პოსტერს, ცეცხლს უკიდებს, ბოლოს კი ნაცისტური სალუტით გვემშვიდობება რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი.

ვიდეოს შინაარსი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შემაწუხებელია. ჩვენ აქ ვხედავთ საჯარო სივრცის დეგრადაციას: ხსოვნის პოსტერის ამგვარი განადგურება მიგვანიშნებს, რომ გაუფასურებულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილის გლოვა, პატივისცემა და ემპათია. ამ ღირებულებათა ნაკლებობის ყველაზე საგანგაშო გამოვლინება კი სწორედ სიძულვილისა და უთანასწორობის იდეოლოგიების - ფაშიზმისა და ნაციზმის - ელემენტების ათვისებაა.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უკანონო თუ ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირების სამართლებრივი გზები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ყოველთვის საკმარისი ან რელევანტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ წვდომა საჯარო სივრცეზე, რათა შევქმნათ ან ხელი შევუწყოთ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და სოლიდარობის ღირებულებების გავრცელებას, და არა იმისთვის, რომ კვლავ გავაძლიეროთ კონფლიქტური ან რეპრესიული გარემო.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ამისთვის, რომ, დავიკავოთ და პოზიტიურად გარდავქმნათ საჯარო სივრცე". - აცხადებს თბილისი პრაიდი.

კომენტარები