არჩევნები 2020

PACE-ის თანამომხსენებლები: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიიღონ საპარლამენტო მანდატები

bundeskanzlerin.de

საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი – SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი – ALDE) ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, მიიღონ საპარლამენტო მანდატები, რომლებიც არჩევნების შედეგად მოიპოვეს.

"არჩევნების შედეგად შეიქმნა მრავალფეროვანი პარლამენტი, სადაც მმართველი უმრავლესობა ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება. ეს საპარლამენტო მუშაობის კონტროლს უზრუნველყოფს. ერთადერთი შესაფერისი ადგილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და გამოწვევების განსახილველად პარლამენტია. დემოკრატიის განმტკიცებისთვის მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიიღონ მანდატები, რომლებიც არჩევნების შედეგად მოიპოვეს და შევიდნენ პარლამენტში". – აღნიშნავენ თანამომხსენებლები.

თანამომხსენებლები ასევე საუბრობენ არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების დიდ რაოდენობაზე და შესაბამის ორგანოებს გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომელის ნაწილიც ასევე იყო PACE-ც. ამასთან, ჩვენ აღვნიშნავთ გამოვლენილი დარღვევების დიდ რაოდენობას, მათ შორის მუდმივ ბრალდებებს საარჩევნო გადაცდომის შესახებ – ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ზეწოლა ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ". – ვკითხულობთ განცხადებაში.

პარლამენტის წევრებს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატების გამოყენებისკენ, ასევე, მოუწოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც. წარმომადგენლობამ, ევროკავშირის აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გამოაქვეყნა.

ევროპარლამენტის ოთხი წევრი საქართველოში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიტიკოსებს ასევე მოუწოდებენ, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და დიალოგის გზით იპოვონ აუცილებელი კომპრომისი. 

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები