არჩევნები 2020

ვაშაძე ენმ-ზე: საერთო აქციაზე სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ დანარჩენ ოპოზიციას

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, "სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ დანარჩენ ოპოზიციას". ვაშაძე ეხმაურება გუშინ, 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საერთო აქციას, რომელიც ლელოს წევრებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც აქციაზე გამოჩნდნენ დემონსტრანტები წარწერებით -"მიშა ჩამოდი", "მიშა დაბრუნდი".

"როცა არის საერთო აქცია, უნდა იყოს საერთო ფორმატზე შეთანხმება და არა სიურპრიზები მოვუწყოთ ერთმანეთს აქციების დროს. ამიტომ აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვინც დატოვა ეს აქცია. ვიზიარებ მათ ამ პოზიციას და მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას, რომ სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 

მისვე თქმით, სააკაშვილის გადასაწყვეტია "სად ჩავა და სად არ ჩავა".

"თუ არ აპირებს ჩამოსვლას თქვას, რომ არ აპირებს. თუ რამე სხვას აპირებს, ესეც უნდა თქვას და სხვაზე პასუხიმგებლობის გადაკისრება, ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი, არასწორი საქციელია". – აღნიშნა მან. 

15 ნოემბერს ლელოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ მათი წევრების ბათუმში ოპოზიციური აქციიდან წამოსვლის საკითხზე ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, ლელომ საპროტესტო აქცია იმ მიზეზით დატოვა, რომ აქცია ერთი პარტიის ღონისძიებად იქცა, რაც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ოპოზიციის მიერ მიღწეულ 2 მთავარ მოთხოვნას - ახალი არჩევნების დანიშვნასა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას. 

კომენტარები