კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: კლინიკებში Covid-ის მიზნებისთვის ყოველდღე 100-200 საწოლს ვამატებთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო კორონავირუსის მკურნალობის მიზნით საავადმყოფოებში ყოველდღიურად 100-200 ადგილს ამატებს.

"დღეის მდგომარეობით, საწოლფონდი არის 5 865, კლინიკებში წევს 5 319 პაციენტი, ტრიაჟშია 257 პაციენტი, თავისუფალია 227 ადგილი. დღის ბოლომდე კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და 5 952 საწოლი იქნება

ყოველდღიურ რეჟიმში ასიდან ორასამდე საწოლის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზნებისთვის და შესაბამისად, ჩვენ საღამოს ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად, 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად". - ამბობს ტიკარაძე.

16 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი - გარდაიცვალა. 16 785 აქტიური შემთხვევიდან 787 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 ინფიცირებული იმყოფება.

საავადმყოფოებში სულ 5 658 ადამიანი მკურნალობს, 3 315 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 7 812 – ბინაზე.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები