არჩევნები 2020

მდინარაძე: ოპოზიცია უარს ამბობს ვიდეოჩანაწერების ნახვასა და ბიულეტენების გადათვლაზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ელჩებთან შეხვედრისას ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ამოღება შესთავაზეს. მისი შეფასებით, ოპოზიციის უარი ნიშნავს, რომ მათ სიმართლის გარკვევა არ აინტერესებთ.

"როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღონ, როცა მის გაშიფვრაზე, ანალიზზე, ხმების გადათვლაზე უარი გხვდება დ კვლავ რადიკალური მოთხოვნა ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღწევა" - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ ვიდეოკამერები "პრაქტიკულად ყველა" უბანზე იყო.

"შეიძლება, აბსოლუტურად ყველა, 3 847-ვე უბანზე არა, მაგრამ 3000-ზე მეტ უბანზე იყო" - თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა.

"მარტივად რომ ვთქვათ, მათი მოთხოვნა ასე ითარგმნება - სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, მანამდე გამოვაცხადოთ ყველა არჩევნები გაყალბებულად. ბუნებრივია, ეს კონსენსუსამდე ვერ მიგვიყვანს. თუ მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი კარი მოლაპარაკებისთვის ღიაა" - ამბობს მამუკა მდინარაძე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

"პოზიციების დაახლოების მიზნით" აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის ორი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციის წევრების განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დარჩა – შეთავაზება ახალ არჩევნებზე.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები