რას ნიშნავს საქართველოსთვის შეთანხმება მთიან ყარაბაღზე? - გია ნოდიას მოსაზრება

9 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო.

შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს. შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან.

ასევე, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ. რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

ტაბულასთან საუბარში პოლიტოლოგი გია ნოდია მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე, მოვლენების შესაძლო განვითარებასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

რას ნიშნავს ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების ჩადგომა საქართველოსთვის? გაიზრდება თუ არა შედეგად რუსეთის გავლენები რეგიონში?

მგონი აქ ცალსახაა პასუხი. გამოდის, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ომი მოიგო რუსეთმა, თუ ეს შეთანხმება განხორციელდა და ალბათ, განხორციელდება, ანუ, ის მოახდენს თავისი გავლენის ინსტიტუციონალიზაციას რეგიონში და ამის შედეგად სომხეთის უსაფრთხოება ცალსახად დამოკიდებული იქნება რუსეთზე და მას, რა თქმა უნდა, ექნება სერიოზული გავლენის ბერკეტები აზერბაიჯანზე. ორივეზე ჰქონდა გავლენის ბერკეტები ისედაც, მაგრამ ეს გავლენის ბერკეტები კიდევ უფრო გაიზრდება და გარკვეულად, აზერბაიჯანში გაორებული დამოკიდებულება ექნებათ, აზერბაიჯანელებსაც და სომხებსაც, რუსეთის მიმართ. ერთი მხრივ, აზერბაიჯანის პოზიციას რომ შევხედოთ, აზერბაიჯანი იგებდა ომს და რუსეთმა გააჩერა, ასე ვთქვათ, ბოლომდე არ მიუშვა, რადგან გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, მეორე მხრივ, თითქოს აცალა რომ სერიოზული ტერიტორიული წარმატება ჰქონოდა. მეორე მხრივ, ის სომხეთს არ დაეხმარა დიდხანს და აცალა აზერბაიჯანს რომ ყარაბაღის გარშემო ტერიტორიების და თვითონ ყარაბაღის ნაწილიც დაეკავებინა, მაგრამ ბოლოს მაინც მან გადაარჩინა იმიტომ, რომ რომ არა რუსეთი ცხადია, რომ სომხეთს არანაირი იმედი არ ჰქონდა ყარაბაღის შენარჩუნების ანუ გასაგებია, რომ ორივე მხარის თვალში რუსეთი არ არის სანდო მოკავშირე, მაგრამ ამავე დროს ის არის აუცილებელი დომინანტი ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო და ცხადია, რომ ეს ზოგადად რეგიონში რუსეთის პოზიციას აძლიერებს. 

კონკრეტულად რას ნიშნავს ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების ჩადგომა საქართველოსთვის?

მე არამგონია, რომ [ეს] რადიკალურად აუარესებდეს საქართველოს მდგომარეობას იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის ჯარი ისედაც 20-25 კილომეტრში დგას თბილისიდან. ასე რომ, ამასთან შედარებით რაღაც ახალი და კატასტროფული ცვლილება ამაში შეიძლება არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ რუსეთი ძლიერდება, რუსეთი კიდევ უფრო მკვიდრდება სამხრეთ კავკასიაში ვიდრე დამკვიდრებული იყო და შესაბამისად, რუსეთ-საქართველოსთვის ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო რთულია რუსეთის ზეწოლას გაუმკლავდეს.

რას ნიშნავს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის დერეფნის გახსნა? როგორ აისახება ეს საქართველოზე?

მე მგონი, აქ არაფერი რადიკალურად არ იცვლება. ცხადია, რომ ეს არის კარგი აზერბაიჯანისთვის და საქართველო წინააღმდეგი არანაირად არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს არის ერთი და იმავე სახელმწიფოს ორი ნაწილი, ასე რომ რაღაც პრინციპული, რომც არ მოგწონდეს ეს, რატომღაც რომც არ მოგვწონდეს, ცხადია პროტესტს ვერ განვაცხადებთ, მაგრამ მე იმ აზრს ვერ ვხედავ პრინციპულად რატომ არ უნდა მოგვწონდეს.

გაზრდის თუ არა ეს თურქეთის გავლენებს რეგიონში?

თურქეთის გავლენა რაღაც დონით იზრდება, თუმცა, არ იზრდება იმ ზომით რა ზომითაც მოსალოდნელი იყო რომ არა ეს წუხანდელი გადაწყვეტილება. ომი კიდევ ერთი კვირა რომ გაგრძელებულიყო, აზერბაიჯანს მთლიანად ყარაბაღი დაეკავებინა და რუსეთის ადგილი იქ, ომის შემდგომ, ასე ვთქვათ, წესრიგში არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა აზერბაიჯანის ცალსახა გამარჯვება, რაც თურქეთის ცალსახა გაძლიერებას ნიშნავდა. მაგრამ, იმ განლაგებაში, რომელიც ახლა იქმნება, დღეიდან თურქეთის გაძლიერება ძალიან მცირეა შედარებით. გასაგებია, რომ მან ერთგვარად "უპატრონა" აზერბაიჯანს და აზერბაიჯანმა პოზიციები გაიძლიერა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რუსეთმა გააჩერა ომი, საბოლოო ჯამში მაინც რუსეთი ჩადგა ყარაბაღში. ასე რომ, არსებითად და პრინციპულად თურქეთის პოზიცია არ გაძლიერებულა რეგიონში. 

თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში? ელით თუ არა, რომ ფაშინიანის მთავრობა დემონსტრაციების ფონზე შეიცვალოს?

მიჭირს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება ფაშინიანს ხელისუფლების შენარჩუნება.

-----------------------

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები