არჩევნები 2020

საპატრიარქო განმარტავს, რატომ არ გამოეხმაურა აქციის დარბევასა და არჩევნების შედეგებს

საქართველოს საპატრიარქო

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-ს შენობასთან საპროტესტო აქციის დარბევას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არ გამოხმაურებია. ტაბულა დაინტერესდა, აპირებს თუ არა კათალიკოზის ადმინისტრაცია განცხადების გავრცელებას.

"ამ ეტაპზე, არ დასრულებულა მიმდინარე მოვლენების განხილვა პოლიტიკურ და იურიდიულ ჭრილში. დაძაბულ გარემოში მიმდინარეობს ამ მოვლენების განხილვა. მნიშვნელოვანია, და იმედია მოხერდება, ასეთი საკითხების სამართლიანი და მშვიდობიანი გადაწყვეტა". - უთხრა ტაბულას საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. არც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შედის. მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. გუშინ, 8 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ცესკოსთან გამართული აქცია სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის, ე.წ წიწაკის სპრეისა და ხელკეტების გამოყენებით დაშალეს. დაშავდა არაერთი ადამიანი.

კომენტარები