ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სხვადასხვა პროფილის ექიმების დამატებითი მობილიზება მიმდინარეობს

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, სხვადასხვა პროფილის ექიმების დამატებითი მობილიზება მიმდინარეობს, რომლებიც, როგორც ტიკარაძე ამბობს, "ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა".

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც მოხალისეებად არიან გადანაწილებული სხვადასხვა კლინიკებში.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერი ექიმების ჩართვასაც აპირებს კოვიდის მართვის პროცესში.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდან გვაქვს გამოხმაურება ჩვენი სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოში არის. მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, მათი მხრიდანაც არის მზაობა და მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს". – ამბობს ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები