არჩევნები 2020

ენმ-ძალა ერთობაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც უარს ამბობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მიღებულ მანდატებზეც უარს ამბობს და, სავარაუდოდ, არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში, რომელიც აჭარის სამივე მაჟორიტარულ ოლქში იმართება. 

ამის შესახებ ადგილობრივმა ლიდერებმა ისაუბრეს. 

"31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა. ეს საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა და დოკუმენტებითაც დასტურდება. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია და ამას უმკაცრესი და ძალიან უარყოფითი შეფასებები მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ანგარიშგასაწევი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა 180 302-მა მოქალაქემ. ამ ტოტალური გაყალბების ფონზე კი 97 615 ხმა მიიღო ოპოზიციამ. თითქმის 15 000 ხმით მეტი, ვიდრე ქართულმა ოცნებამ, სახელისუფლებო პარტიამ კი ყოველგვარი ნორმების დარღვევით ორჯერ მეტი მანდატი მიითვისა, ვიდრე მიიღო ოპოზიციამ". – განაცხადეს პარტიაში. 

ენმ-ძალა ერთობაშიას ადგილობრივმა ლიდერებმა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 3 ნოემბერს, 17:00 საათზე აქცია დააანონსეს. 

ცოტა ხნით ადრე პარლამენტის მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომაც. სხვა პარტიები გადაწყვეტილებას ეტაპობრივად გააჟღერებენ, თუმცა, გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ თუკი სხვა ოპოზიციური პარტიები არ შევლენ პარლამენტში, არც გირჩი შევა. 

საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს პროპუტინური პარტია, პატრიოტთა ალიანსიც

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები