არჩევნები 2020

მდინარაძე: გლდანში ენმ-ს ზონდერჯგუფები ჩვენს ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში ხელს უშლიან

ტაბულა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მტკიცებით,
"ნაციონალური მოძრაობის ზონდერჯგუფები" გლდანში მათ ამომრჩეველს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს.

"ჩვენი ვარაუდი და ინფორმაცია, რომელიც გვქონდა ნაცმოძრაობის გლდანის შტაბიდან, 100%-იანი სიზუსტით გამართლდა, გლდანში ჰქონდა ადგილი ნაცმოძრაობის კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არაერთ უბანზე.

ის და მისი ზონდერჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებას, ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში.

ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა გადაადგილებაში, ყოველ 15-20 წუთში ისინი ცდილობდნენ, სხვადასხვა უბანთან ყოფილიყვნენ მობილიზებულნი და  პირდაპირი შეურაცხყოფა მიეყენებინათ ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ, ეს არის შემდგარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებათაც, დამატებითი კომენტარები გაკეთდება.

მოვუწოდებთ ქართული ოცნების ყველა აქტივისტს, ყველა მხარდამჭერს, თავი ავარიდოთ ამ პროვოკაციებს მაქსიმალურად, რაც არ უნდა ძნელი გასაძლები იყოს, არ აჰყვეთ ასეთ პროვოკატორებს და არ მისცეთ საშუალება, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია" - განაცხადა მდინარაძემ.

გლდანში საარჩევნო უბნებთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. უბნებთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.79-ე უბანთან პუბლიკასა და ტვ პირველის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, ენმ-ძალა ერთობაშიას სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები