არჩევნები 2020

კობახიძე: რაში სჭირდებათ შაშკინს და ოქრიაშვილს იარაღი, ჩნდება დესტრუქციული ზრახვების ეჭვი

"რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც დადიან საარჩევნო უბნებზე – არაფერში. ბუნებრივია, ძალიან ლოგიკური ეჭვები ჩნდება, რომ მათ აქვთ რაღაც დესტრუქციული ზრახვები". – ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე არჩევნების დღეს დიმიტრი შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის იარაღით გადაადგილებას.

კობახიძის შეფასებით, არჩევნების დღეს იარაღის დემონსტრირება "დესტრუქციული სცენარის" შემადგენელი ნაწილია. კობახიძის თქმით, ნებისმიერი მცდელობა დესტრუქციის კანონის საფუძველზე მკაცრად იქნება პასუხგაცემული.

სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, რომელშიც დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იარაღით გადაადგილება, შაშკინი რ2-თან საუბარში ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს და იგი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ ყოფილა, მიზეზად კი შაშკინი თავდაცვას ასახელებს.

ამ ფაქტს ენმ-გაერთიანებული ოპოზციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქში კახა ოქრიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იარაღით თავადაც გადაადგილდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, ფაქტს ძირფესვიანად შეისწავლიან და სამინისტრო არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები