არჩევნები 2020

თვითიზოლაციასა და კლინიკებში მყოფი დაახლოებით 38 000 ადამიანი არჩევნებში ვერ მონაწილეობს

31 ოქტომბრის მონაცემებით, საკარანტინე ზონებში, თვითიზოლაციასა და კლინიკებში სულ 49 380 ადამიანი იმყოფება, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობას მათი მცირე ნაწილი შეძლებს. ცესკოს სპეციალური სიების მიხედვით, გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი მხოლოდ 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 31 ოქტომბრის მონაცემებით, ​ქვეყანაში კორონავირუსის 15 912 აქტიური შემთხვევაა, გარდა ამისა, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 001 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში - 30  467 პირი.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა 24 ოქტომბრიდან მხოლოდ 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდათ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ამომრჩეველი, ვისაც 28, 29, 30, 31 ოქტომბერს დაუდასტურათ კორონავირუსი. მათ დაემატა კონტაქტები, რომლებსაც თვითიზოლაციაში გადასვლა უწევთ.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები