აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო: იმედგამაცრუებელია, იუსტიციის საბჭოს წევრები არჩევნების ჩრდილქვეშ აირჩიეს

KCCT

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს განცხადებას ავრცელებს და იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები ნაჩქარევად, არჩევნების ჩრდილქვეშ ჩატარდა.

"აშშ-ს საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ. გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთის, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს, შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ.

დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი [ეკონომიკური] ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად. აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს". – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსამართლეთა 28-ე რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი – ქეთევან ცინცაძე და თეა ლეონიძე. კონფერენციაზე ასევე აირჩიეს საბჭოს მდივანიც, მდივნის ადგილს ნიკოლოზ მარსაგიშვილი დაიკავებს. 

კომენტარები