არჩევნები 2020

რას გამოიწვევს ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტაბულა პოლიტიკური ლიდერების წერილების სერიას გთავაზობთ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, წერილში ეპასუხათ, რა მოხდება, თუ ქართული ოცნება მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში.

კითხვაზე, რას გამოიწვევს ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა, ორი მიმართულებით ვისაუბრებ. ერთი ეკონომიკას შეეხება, მეორე ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებს. 

ეკონომიკით რომ დავიწყოთ, ცხადზე უცხადესია, რომ ქართული ოცნება არ აპირებს გადასახადების შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს. მათ ჰგონიათ, რომ "ბიზნესი რამეს იზამს", არანაირი წარმოდგენა და გეგმა არ აქვთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას გადააქცევს იმად, რომ ბიუროკრატია გვეყოლება იმაზე დიდი, ვიდრე ამის აწევა შეეძლება ბიზნესსა და ხალხს, რომელიც იხდის გადასახადებს. 

საბოლოოდ მივალთ სრულ კოლაფსამდე – გაგრძელდება ლარის ვარდნა, გაგრძელდება ფასის ზრდა და, შესაბამისად, ეს ნიშნავს საოცარ სიღარიბეს. სიღარიბე გაიზრდება იმდენად, რომ ვერანაირი სოციალური პროგრამით მას სახელმწიფო ვეღარ მოერევა. ეს არის დაღმავალი სპირალი, რომელშიც რაც უფრო დაბლა ჩადიხარ, მით უფრო სწრაფად მიექანები კიდევ უფრო ქვემოთ. 

ლარის გაუფასურება, ფასებისა და სიღარიბის ზრდა გარდაუვალი იქნება. ამას ჩვენ უბრალოდ ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ – 2015 წელს ლარის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია ფასების ისეთი ზრდა, რომ მერე გაეროს ფონდის სიღარიბის შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ მაგალითად, 2017 წელს უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა არამხოლოდ 2015 წელთან შედარებით, არამედ 2013 წელთან შედარებითაც კი. ანუ კიდევ უფრო დაბლა ჩავედით და ახლა დაბლა ჩასვლა იქნება კიდევ უფრო მკვეთრი. 

რაც შეეხება ეპიდემიის მართვას, 7 თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. ფაქტი, რომ იმ 7 თვის განმავლობაში, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვები იყო ძალიან დაბალი და ტალღა არ გვქონია, მთავრობას არაფერი მოუმზადებია და ახლა დაიწყო ფაციფუცი, ხომ ნამდვილი გარანტიაა იმის, რომ ეპიდემიის მართვა იქნება სრული კატასტროფა ქართული ოცნების ხელში. 

ჩვენ შეიძლება, მივიდეთ ისეთ კრიზისამდე, რომ გვყავდეს ინფიცირებული პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ ინტენსიური საწოლი ან რომელთაც სჭირდებათ რეანიმატოლოგთა დახმარება და, უბრალოდ, არ იყოს საკმარისი რესურსი ჰოსპიტალში, რომ ამ ადამიანებს მივხედოთ.

აი, ამ ზომამდე შეიძლება, მიგვიყვანონ.

ამიტომ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს სრულ კოლაფსს, როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით.

ზურაბ ჭიაბერაშვილი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

კომენტარები