ყაჩაღობა

შსს: ქარელში ყაჩაღობაში ბრალდებული დავაკავეთ — მან თანამზრახველებთან ერთად მანქანა გაიტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის 1957 წელს დაბადებული მ.ჟ. დააკავეს. უწყების ცნობით, ის წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის. 

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა, იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, 1983 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს ტოიოტა ლენდკრუიზერის მარკის ავტომობილი გასტაცა. უწყების ინფორმაციით, მანქანა ხაშურში, სოფელ ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები