ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ბინაზე 3 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, – "საკმაოდ წარმატებულად მკურნალობენ ეს ადამიანები".
ტიკარაძის განმარტებით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი განახლების პროცესშია და ოთხშაბათისთვის იქნება მზად და ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდება.
"ეს პროტოკოლი ხელმისაწვდომია ექიმებისთვის, ეს არაა პაციენტებისთვის გამოსაყენებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერიდებით საჯაროდ ამ პროტოკოლების გამოქვეყნებას, რადგან მერე ძალიან ხშირია თვითმკურნალობა და თვითინიციატივა, რაც კონკრეტულად ჯანმრთელობის შემთხვევაში, ხშირად დამღუპველია". – ამბობს ტიკარაძე.
ნახეთ, როგორია Covid-ინფიცირებულის ბინაზე მოვლის არსებული მოდელი
დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7.
ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.





